GE

როგორ დავრეგისტრირდეთ 2021 წლის სამაგისტრო გამოცდაზე – პროცედურა და გზამკვლევი

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 31 მარტის 18:00 საათამდე შეუძლია. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მიმართავს სასურველ უმაღლეს სასწავლებელს.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
გზამკვლევი მაგისტრანტობის მსურველებისთვის

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.

სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, სტუდენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

თუ მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

გამოცდებში მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს – “სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm