GE

როგორ იცავს სკოლა პირბადის ტარების წესს – „დაწყებით კლასებში პატარები ამას უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან“

4-ოქტომბრიდან სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა, თუმცა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პანდემიურ რეჟიმში უწევთ მუშაობა. სკოლების გახსნის შემდეგ ამოქმედდა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციის ერთ-ერთი სიახლე, რომელიც პირბადის ტარებას ახლა უკვე ყველა კლასის მოსწავლეს ავალდებულებს. ამ გადაწყვეტილებამ ვირუსის გავრცელება უნდა შეაკავოს. საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით, სადაც პირბადე აღსაზრდელთათვის სავალდებულო არ არის, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი სკოლა არ დახურულა, თუმცა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ცალკეული კლასები. გაავრცელებს თუ არა დახურული ცალკეული კლასების რაოდენობის შესახებ სტატისტიკას განათლების სამინისტრო, ჯერ უცნობია EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში უპასუხეს, რომ გაარკვევენ.

EDU.ARIS.GE-მ გაარკვია როგორ იცავს სკოლა პირბადის ტარების წესს, რა ვალდებულებები აქვს წესის შესასრულებლად და როგორ ეჩვევიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე პირბადის ტარებას.

ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ ცანავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლა სრულიად მობილიზებულია და ყველანაირი მზაობა აქვთ, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს:

„ახალი სასწავლო წელი ისევ რეგულაციების დაცვით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევა დევს პირბადის რამდენიმე საათიანი ტარების საფრთხეებზე, მაინც ვფიქრობ, რომ პანდემიის პირობებში მისი გამოყენება აუცილებელია. შარშანდელთან შედარებით, წელს თითქოს უფრო შევეგუეთ ამ პროცესს. მოსწავლეებს გათავისებული აქვთ, რომ პირბადის ტარება მათივე ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა. მხოლოდ ის მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. ჩემს სადამრიგებლო კლასში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და ყველა ბავშვი ატარებს პირბადეს. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა დასვენებაზე რამეს მიირთმევენ, მერე ავიწყდებათ პირბადის აწევა და ისე აგრძელებენ საუბარს. ასეთი შემთხვევები რომ ნაკლები იყოს, მასწავლებლები მუდამივად ვმორიგეობთ საკლასო ოთახში და დერეფანში“, – აცხადებს ინგლისურის მასწავლებელი.

ჩვენი რესპონდენტი როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასის მოსწავლეებს ასწავლის (მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-10, მე-11)  და აღნიშნულის გათვალისწინებით ვკითხეთ, რა ვითარებაა ამ მხრივ დაწყებით კლასებში.

ამბობს, რომ რომ დაწყებით კლასებში პატარები უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პირბადის ტარებას და მათთვის ნაკლებად უწევთ შენიშვნის მიცემა, რომ პირბადე შეისწორონ.

„ჩემი შვილი წელს წავიდა სკოლაში და ძალიან ვდარდობდი, რომ მასაც მოუწევდა პირბადის ტარება და ცოტა ფრთხილად შევაპარე, მაგრამ საკმაოდ მშვიდად მიიღო ეს ამბავი. ვფიქრობ პატარებისთვის არ უნდა ყოფილიყო სავალდებულო, რადგან ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესი არც ისე იოლია და ასე მგონია კიდევ დამატებით შეზღუდვა მათთვის ცოტა დისკომფორტს გამოიწვევს. თუმცა რადგან ასეთია რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინიატროდან, სხვა რა გზაა…“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან პედაგოგი და დასძენს, რომ „იმედია ბოლო წელია ასეთი რეგულაციებით და მომავალი სასწავლო წლიდან აღარ გვექნება პირბადის ტარების აუცილებლობა“.

როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით შემუშავებულია და მოქმედებს პირბადეების ტარების წესი.

საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე -სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში, მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ. ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში. აგრეთვე, ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის: მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ. პირბადის გამოყენება სავალდებულოა.

განსაზღვრულია, რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს, ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა მოხდეს პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ. პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები შენობაში პირბადით დაიშვებიან, თუმცა, თუკი მოსწავლეს აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება, მას უფლება ეძლევა პირბადე არ ატაროს.

„თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სათანადო სამედიცინო ჩვენებით არ თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, მშობლის მიმართვის შემთხვევაში, მოსწავლის პირბადის ტარებისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი (შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მოხერხდება თუ არა გახსნილი სკოლების შენარჩუნება პირბადის ტარების წესის ცვლილების დახმარებით, ამას დრო გვიჩვენებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, თუკი იმუნიზაციის პროცესი კვლავ ახლანდელი დაბალი მაჩვენებლებით შენარჩუნდება, შედეგების გაუარესებაა მოსალოდნელი.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური