GE

როგორ სახეს მიიღებს უნარების გამოცდა 2020 წლისთვის – საით იხრება სამინისტრო

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტ გიორგი გახელაძის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის ცვლილების შესახებ, როგორც განათლების სამინისტროში, ისე გამოცდების ცენტრში არის მოსაზრება, რომ ცვლილების შემდეგ უნარების გამოცდის ვერბალური ნაწილი ინტეგრირდება ან შერწყმება ქართული ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდის ნაწილთთან.

„ცხადად ვიცით ის, რომ გამოცდები ისევ იქნება ერთიანი, ეროვნული და ცენტრალიზებული, რომ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება სახეცვლილი და იქნება ქართულისა და უცხო ენის გამოცდა კვლავ სავალდებულო. მაგრამ არ ვიცით მესამე თუ მეოთხე არჩევითი გამოცდის ამბავი. არ ვიცით ბოლომდე და ცხადად იქნება თუ არა არჩევითი საგანის გამოცდა ისევ ცენტრალიზებული, თუ ის იქნება ორგანიზებული უნივერსიტეტების მიერ. ამის მზაობა აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, ერთ აკადემიურ წელიწადში ამის მომზადებას ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ვერ მოხერხდება, ამიტომ ესეც ცენტრალიზებული იქნება. რაც შეეხება უნარების გამოცდის ტრანსფორმაციას, რაში შეიძლება ის გადაიზარდოს, არსებობს ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, რომ  უნარების გამოცდის ვერბალური ნაწილი იყოს ინტეგრირებული ან შერწყმული ქართული ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდის ნაწილთან. ანუ, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტმა განიცადოს ცვლილება ე.წ ვერბალურ ნაწილში. ეს აზრი ტრიალებს სამინისტროში გამოცდების ცენტრში და პროფესიულ წრეებში“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.

გახელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ცნობილია, რაც გამოცდების შინაარსთან არის კავშირში, ამასთან არის კითხვები, რომელიც სხვადასხვა საკითხის ბუნდოვანებას უკავშირდება. მისი განცხადებით, ასეთი საკითხია უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი.

„ჩვენი მთავრობა და სახელმწიფო უკვე მეორე წელია ღიად საუბრობს, რომ არსებული წესი ხარვეზიანი და ნაკლოვანია და სულ საუბარი არის, რომ მოდი, შევცვალოთ და გავხადოთ უფრო ხეირიანი. ჩვენ გასულ შემოდგომამდე ველოდებოდით და მთავრობა გვაიმედებდა, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჯგუფთან მუშაობის შედეგად დაიდებოდა რეკომენდაციები და ახალი წლისთვის გაცხადდებოდა დაფინანსების ახალი მოდელი, ის დასკვნა, რეკომენდაციები დაიდო, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ვერ არის. სამწუხარო ამბავი ის არის, რომ უმაღლესი დაფინანსების დღევანდელი წესი პირდაპირ კავშირშია ეროვნულ გამოცდებთან და ეს ურთიერთდაკავშირების საკითხები ფართო მსჯელობის საგანი ვერ გახდა და არ გახდა. არც საპარლამენტო და არც სამთავრობო ასპარეზზე. არადა, თუ ვცვლით საგამოცდო სისტემას აუცილებლად ჩნდება კითხვები, მაშ როგორღა იქნება დაფინანსება, რომელიც ახლანდელი მდგომარეობით პირდაპირ არის მიბმული ეროვნული გამოცდების ფორმატსა და შედეგებზე, და თუ არ ვცვლით, მაშინ ვიცოდეთ მაინც. ისიც ვიცით, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასის მოსწავლეები არ ჩააბარებენ, აი ეს ვიცით, მეტი არაფერი“, – აღნიშნა გიორგი გახელაძემ.

ამავე თემაზე:

მისაღები გამოცდების ახალი მოდელი, იანვარში დაანონსებულთან შედარებით, მცირედით შეცვლილი იქნება

რა იცვლება 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე? – აბიტურიენტები და უნივერსიტეტები განათლების სამინისტროსგან პასუხს ჯერ ისევ ელიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი