GE

როგორ შეფასდა ტესტების სირთულე – მასწავლებლთა გამოცდის პირველი დღე

მასწავლებლის გამოცდები დაიწყო. 11 ივლისის დილის სესიაზე გამოცდა პედაგოგებმა შემდეგ საგნებში ჩააბარეს 11 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);  ქართული ენა და ლიტერატურა  (I-VI); ბუნებისმეტყველება (I-VI); მათემატიკა (I-VI).

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველების (I-IV); ტესტი ორი ნაწილისგან შედგება – საგნობრივი ცოდნა და აკადემიური უნარები – და 52 დავალებას შეიცავს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. დანარჩენი ტესტების  მაქსიმალური ქულა 65-ია.

როგორც გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგებმა და მასწავლებლობის მსურველებმა განაცხადეს, თითქმის ყველას მოუვიდა დასაწერად ესე თამაშის მნიშვნელობის შესახებ.  მათ ასევე აღნიშნეს, რომ ენის ნაწილი ლიტერატურისგან განსხვავებით უფრო ადვილი იყო.

ანა ტყებუჩავამ ქართული ენა და ლიტერატურის (I-VI) ტესტი წერა. მისი თქმით, ტესტის წერა გაუადვილდა. როგორც აღნიშნა, აკადემიური უნარების ნაწილში ლექსების შედარება იყო ცოტა რთული, თუმცა  ტესტით მაინც კმაყოფილია.

„ზუსტად ისეთივე სტრუქტურის ტესტი მოვიდა, როგორიც შარშან იყო. არაფერი განსხვავებული. მე დაწყებით საფეხურზე ვარ დამხმარე მასწავლებელი და ისეთი საკითხებია, სულ რომ გჭირდება. გამოცდის დრო საკმარისი იყო და ადრეც გამოვედი. ზოგი 2 საათშიც გამოვიდა, მაგრამ ანალიტიკური წერის ნაწილი საკმაოდ საფიქრი და სააზროვნო იყო. თამაშის მნიშვნელობაზე უნდა გესაუბრა.

ერთ ფოტოზე იყო გამოსახული ბავშვი, რომელიც საქანელაზე ქანაობს და ეწერა, „არ დაგავიწყდეს თამაში“. მეორეზე ეხატა საათი და იგივე ეწერა „არ დაგავიწყდეს თამაში“. ესე უნდა დაგეწერა, რა არის ამ სურათების მთავარი გზავნილი და რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში თამაშს. მეორე სურათზე საათის ისრებს  შორის ეხატა ცარიელი საქანელები, თუ პირველ სურათზე ბედნიერი და კმაყოფილი ბავშვი იჯდა, მეორეზე – ცარიელი იყო. საინტერესო იყო ნამდვილად. რთული და რომ ვერ დაგეწერა, ასეთი რამ არ ყოფილა“, – აღნიშნა ანა ტყებუჩავამ.

როგორც გამოცდიდან გამოსულები აღნიშნავენ, ქართულის ტესტებში შედარებით რთული იყო წაკითხულის გააზრება. აპლიკანტების თქმით, დაწყებითი საფეხურზე მასწავლებელს ასეთი ჩახლართული ტექსტების შეტანა არ უნდა უხდებოდეს გაკვეთილზე.

„ტექსტის გააზრება ძალიან რთული იყო. დიდი დრო დამაკარგვინა. ერთი ტექსტი იყო იმაზე, რომ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ სტერეოტიპული აზროვნება, თითქოს გოგონები ტექნიკურ საგნებში ვერ აღწევენ მაღალ შედეგებს, განაპირობებდა გოგონების წარუმატებლობას. თუ გოგონებს ეტყვი, რომ შენ გამოგდის მათემატიკა, თავს არ ზოგავენ და კარგად მუშაობენ. საინტერესო ტექსტი იყო, მაგრამ რთული იყო პირველი-მეექვსესთვის.

მზის თემატიკაზე დაწერილი ლექსები ძალიან ჩახლართული იყო. ყველაფერი თუ დაფარულია და  დაწყებითების მასწავლებელმა უნდა შიფროს ამ კლასებში ასეთი დონის ლიტერატურა, არ ვიცი. ენის საკითხები არ იყო რთული“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლობის მსურველმა მელანო კახაძემ.

„პირველი-მეექვსე კლასების ქართულზე გავედი. წაკითხულის გააზრება და ესე იყო საკმაოდ რთული იყო. დანარჩენი საშუალო სირთულის. გრამატიკას ვმეცადინეობდი სულ. 10 საკითხი მოვიდა გრამატიკიდან და არ იყო რთული“, – აღნიშნა მასწავლებლობის მსურველმა რიტა შუბითიძემ.

გამოცდიდან გამოსულები ტესტის საინტერესო ლიტერატურულ ნაწილზეც საუბრობდნენ:

„ვასწავლი სკოლაში. მეშვიდე -მეთორმეტე კლასების ქართული ჩაბარებული მაქვს და ეს გამოცდა იმასთან შედარებით ზღაპარი იყო. ახლა პირველი-მეექვსე კლასების ქართული ჩავაბარე. ლიტერატურულ ნაწილში მოვიდა ასეთი შეკითხვა, რომელ ნაწარმოებს იწყებს ილია ჭავჭავაძე ასე: „რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს ადამიანმაო“.

მეორე დავალება იყო: ვაჟას და მის ძმებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენს შემოქმედებას რაფიელ ერისთავის გავლენა ეტყობა და ეს როგორ ახსნა ვაჟამო. სხვათა შორის, ძალიან კარგი სამუშაო ტესტები იყო. ენაში ისეთი ადვილი დავალებები მოვიდა, უცებ შევასრულე. ასეთი კითხვა იყო მაგალითად, წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა რომელი მეტყველების ნაწილია. იდიომები იყო მოყვანილი და  რომელი არ არის ბიბლიურიო. ძალიან მომეწონა“ , – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაკა ფარქოსაძემ.

„ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველების  (I-IV) გამოცდაზე გავედი.  მოხალისე ვარ. არ ვარ პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვინც მოქმედი პედაგოგია, იმისთვის უფრო არ იქნებოდა რთული ტესტი. სკოლაში ვმუშაობდი ერთი წელი სპეციალურ მასწავლებლად, მინდა, რომ კომპეტენცია მქონდეს ამ მიმართულებითაც. მე თვითონ ვემზადებოდი ტესტების ნიმუშების მიხედვით ინტერნეტში და არ ყოფილა რთული“, განაცხადა თინათინ ჯარიაშვილმა.

„ ბუნებისმეტყველება (I-VI)  ჩავაბარე. პროფესიით ქიმიკოსი ვარ. გამოცდაზე საწერი თემა იყო – თამაშის როლი ადამიანის ცხოვრებაში. ქართულის მასწავლებელი უფრო კარგად დაწერს ამ თემას. სად ბუნება და სად ქართული. ფიზიკიდან, ქიმიიდან, ბიოლოგიიდან, გეოგრაფიიდან იყო დავალებები. გეოგრაფიიდან შესაბამისობის დავალება იყო მოგზაურებზე. არაფერი რთული არ იყო“, – აღნიშნა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„კარგი სიტუაცია იყო. კონდიცირება იყო ოთახებში. მეგობრული გარემო.  აგვიხსნეს წესები. პირველად გამოვედი გამოცდაზე. არ იყო რთული. ესე თამაშის შესახებ საინტერესო იყო. როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი თამაშით.

ვმეცადინეობდი წიგნებით, გასული წლის ტესტებით, ტრენინგებიც გვიტარდებოდა სკოლაში. არაფერი დამიტოვებია ტესტში, ყველაფერი შევავსე და ვნახოთ ახლა შედეგი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ასმათ ძმანაშვილმა.

შემდეგ ორ დღეს, 12 და 13 ივლისს, ჩატარდება პროფესიული უნარების გამოცდები, რომლის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროფესიული უნარების გამოცდას დაახლოებით 10 000 აპლიკანტი აბარებს.

„არ დავწერე და გამოვედი, ვიღას უნდა პედაგოგობა, ყველა საზღვარგარეთ გარბის“ – გამოცდისთვის რაჭიდან ქუთაისში ჩასული მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური