GE

როგორ შეფასდებიან პროფესიულის სტუდენტები, ვინც ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი უნდა აიღოს? – ასეთი უკვე 500 სტუდენტია

პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადი განათლების საფეხურის ინტეგრირებულ პროგრამებზე 500 სტუდენტი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არაა განსაზღვრული მათი საბოლოო შეფასების კრიტერიუმები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფასების წესი შემუშავებულია და ის ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირება გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული 3 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სკოლის ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს. აქამდე, თუ მოსწავლე, დავუშვათ, სკოლაში დაასრულებდა 9 კლასს და შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებდა, მას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან პროფესიული დიპლომი ზოგადი განათლების კომპონენტს არ მოიცავდა.

ამჟამად ეს წესი შეცვლილია და როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროფესიულ განათლებაში 15 წლის მანძილზე არსებული ჩიხი აღმოფხვრილია. თუმცა ეს ყველაფერი ხდება ფურცელზე, ნორმატიულ აქტებში და რეალობაში განსახორციელებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჯერ კიდევ მცირეა ისეთი დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც მსურველებს ინტეგრირებულ პროგრამებს სთავაზობენ.

ზოგადი სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყოველწლიურად 40 000-მდე აბიტურიენტი რეგისტრირდება, ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ 500 სტუდენტი სწავლობს. სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება ყველა კოლეჯმა უნდა შეძლოს.

პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ქვეყანამ დაახლოებით ორი წლის წინ მიიღო და მისი საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2020 წლის ოქტომბერი იყო განსაზღვრული. თუმცა არსებობს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები, რომელთა მიღებაც სამინისტრომ ვერ მოასწრო და შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება დაასახელა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სწორედ აღნიშნული პროცესის შესახებ იმსჯელეს და განათლების სამინისტროსგან ყოველთვიური ანგარიშის წარდგენაც მოითხოვეს.

„გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ნუსხიდან, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო 2020 წლის ოქტომბრამდე, ნაწილი მიღებულია, ნაწილი კი არის შემუშავებული და მიღებას ელოდება. სამინისტრომ გადმოგვიგზავნა სია ამ კანონქვემდებარე აქტების და ასევე მათი მიღების გრაფიკი“ , – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სამინისტროს მიერ წარდგენილი ნუსხიდან ერთ-ერთი საკითხი ინტეგრირებულ პროგრამებსაც ეხება. როგორც აღმოჩნდა, პროგრამებზე უკვე სწავლობს 500 სტუდენტი და წელს მათი რიცხვის გაორმაგებაც იგეგმება, მაგრამ ჯერ  საბოლოოო შეფასების კრიტერიუმები დამტკიცებული არ არის.

500 სტუდენტი, რომელიც ჩვენ გასულ წელს მივიღეთ, სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს. წელს კიდევ უფრო გაფართოვდება მასშტაბი, მინიმუმ 2-ჯერ მეტი იქნება. შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება. დადგენილია, რომ ყველა პროფესიულ დაწესებულებაში იყოს მსგავსი ტიპის პროგრამა. ამ ბლოკიდან, რაც დღემდე დამტკიცებული არაა, ეს არის სწავლის შედეგების დადასტურების წესი, საბოლოო შეფასება როგორ განხორციელდება სტუდენტებისა და როგორ დადასტურდება, რომ მათ ამ პროგრამის განმავლობაში მართლაც მიიღეს სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნა“, – განაცხადა განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ სამხარაძემ.

მისივე თქმით, შეფასების სისტემის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესი სხვადასხვა ფაქტორებმა შეაფერხა, მათ შორის ერთ-ერთი კატის გამოცდების გაუქმება იყო.

მოგეხსენებათ, ზოგადი განათლების მიმართულებით, არსებობდა ე.წ კატის გამოცდები, შესაბამისად ჩვენს სივრცეში, ჩვენ რომ შეფასებაზე მუშაობა დავიწყეთ, სულ  სხვა მიმართულებით ვითარდებოდა ჩვენი კონცეფცია. შემდეგ გაუქმდა კატის გამოცდა. შესაბამისად, ეს თანხვედრაში უნდა ყოფილიყო იმ სარეფორმო მიმართულებებთან, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით არის.  ამის შემდეგ, დავიწყეთ ამ შეფასების მიდგომის განვითარებაზე მუშაობა და ახლა ამ წუთას, რა მიდგომაც არის დამუშავებული, ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდის მხარდაჭერით, წინ უსწრებს საშუალო საფეხურის რეფორმას ზოგად განათლებაში და სწორედ იმ მიდგომით არის დაგეგმილი. ამ შეფასების სისტემის განვითარება, მინისტრის ბრძანების პროექტით, ჩვენს სისტემაშია წარმოდგენილი. ძალიან ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და ეს ტექნიკური საკითხი უკავშირდება ძირითად პლატფორმას, სადაც თითოეული სტუდენტის პორტფოლიო უნდა განთავსდეს და მთელი სამი წლის განმავლობაში, მის მიღწევებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა აისახოს.

„ამ ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დროსთან არის დაკავშირებული, როგორც კი ჩვენ ამ საკითხებზე შევთანხმდებით, ტექნიკურ დეტალებზე, დოკუმენტი უკვე ინიცირებულია დასამტკიცებლად და ვფიქრობთ, მომდევნო კვირაში შეიძლება უკვე გამოქვეყნდეს და ამით ზოგადი განათლების ინტეგრირების საკითხში სამინისტრო დაასრულებს კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობას, თუმცა დანერგვის და გაფართოების სამუშოები ჯერ კიდევ წინაა“, – აღნიშნა თამარ სამხარაძემ.

რა თანხის გადახდა უწევს პროფესიულ სასწავლებელს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემის უფლების მოსაპოვებლად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური