GE

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვთა ჰარმონიულ განვითარებას COVID-19-ის პირობებში – გამოწვევების ანალიზი და პრაქტიკული რჩევები ფსიქოლოგისგან

ორწლიანმა პანდემიურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა სასკოლო სივრცე და მშობლებთან და სპეციალისტებთან ერთად, ბავშვები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესი ნაწილისთვის სწავლა საგაკვეთილო სივრცეში გრძელდება, პანდემია არ გამქრალა და კვლავ მოქმედებს რიგი საგაკვეთილო რეგულაციებიც, (მაგ; პირბადის ტარება, ჯგუფური სამუშაოების აკრძალვა, ახლო ფიზიკური კონტაქტის დაუშვებლობა…) რომლებიც ბავშვთა განვთარებაზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს და სპეციალისტებსაც ახალი მეთოდიკისა და სტრატეგიის შემუშავებისკენ უბიძგებს.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ვითარდებიან ე.წ პანდემიის ბავშვები, რა ზეგავლენა აქვს პანდემიურ რეალობას მათ ფსიქო-სოციალური განვითარებაზე, რა საფრთხეებსა და გამოწვევებს ხედავენ სპეციალისტები და რა გზებს იყენებენ იმისთვის, რომ ბავშვთა ჰარმონიული განვითარება არ შეფერხდეს. ამ კითხვებით ბავშვთა ფსიქოლოგ ნინო მაზიაშვილს მივმართეთ, რომელიც გარდა იმისა, რომ სკოლის ფსიქოლოგი და დამრიგებელია, აქტიურად იკვლევს პოსტ-პანდემიურ და პანდემიურ პირობებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებებს.

სპეციალისტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დაწყებით კლასებში იკვეთება რიგი მეტყველების პრობლემები, ემოციური, სოციალური, ფსიქო-სოციალური განვითარებითი შეფერხებები და ამიტომ, სპეციალისტებს მოუწოდებს არ ისარგებლონ კლასიკური სტრატეგიებითა და მეთოდებით, შეეცადონ რომ საკუთარი მიდგომებით გამოწვევებზე იყვნენ ორიენტირებულნი, რადგან თუ საპირისპიროდ მოიქცევიან, სრულიად ახალი და გაცილებით შემაფერხებელი გამოწვევების წინაშე დავდგებით მათ შორის პანდემიის დამთავრების შემდეგაც.

– ნინო, თქვენ უშუალოდ საკუთარ პრაქტიკაში ხედავთ იმ რეალობას, რომელიც პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა. თქვენი დაკირვებით, რა ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვთა ჰარმონიულ განვითარებაზე, რა ახალი გამოწვევები და საფრთხეები იკვეთება, ე.წ პანდემიის ბავშვების ცხოვრებაში.

– საბედნიეროდ, მქონდა გამოცდილება მემუშავა ისეთ ბავშვებთან, რომლებიც პანდემიის პერიოდში შემოვიდნენ სკოლაში, ძალიან დიდი განსხვავებაა მათსა და ე.წ პანდემიის ბავშვებს შორის, განსხვავებაა მოტორულ, კოგნიტურ, სოციალურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში. ამ ბავშვებს ფაქტობრივად ბაღშიც არ უვლიათ და შესაბამისად სასკოლო მზაობა თითქმის არ ჰქონდათ, თუმცა იყო გამონაკლისები, გვქონია ისეთი სირთულეც როგორიცაა: მეტყველების რეგრესია…

– რას გულისხმობთ მოსწავლის მეტყველების რეგრესიაში?

– იცით, რომ 6 წლის ბავშვი უკვე გამართულად უნდა საუბრობდეს, გვქონდა შემთხვევა როდესაც 3-4 წლის ბავშვების მსგავსად მეტყველებენ. ან, ზოგიერთ შემთხვევებში, მსგავს გაურკვეველ სიტყვებს იყენებდნენ. ჰქონდათ საჭირო ოთახის გამოყენების სირთულეებიც. ზოგადად, კვლევებითაც დასტურდება, რომ სკოლამდელი ბავშვები, ვინც უკვე დამოუკიდებლად მოიხმარდნენ საპირფარეშოს, დაიწყეს საწოლის დასველება პანდემიის პერიოდში. პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა, „ჩაკეტვებმა“ ბავშვებს მნიშნვნელოვნად შეუზღუდა მეგობრებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახებოდა მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მომატებული ჰქონდათ ბრაზი, შიში, მრისხანება, შფოთვა. ვინც უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, მე-2, მე-3, მე-4 კლასები და დისტანციურად გააგრძელეს სწავლება, სკოლაში დაბრუნების შემდეგ სრულიად შეცვლილები დაბრუნდნენ, აქ განსაკუთრებით სირთულეები გვაქვს ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაში, ემოციების მართვასა და მოტივაციაში. უჭირთ გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნა, იმატა ქცევითმა აშლილობებმა, ტრამვებმა და სხვა. კოვიდ პანდემიამდე, მე, როგორც ფსიქოლოგი ძალიან აქტიურად ვიყენებდი ბავშვებთან ისეთ აქტივობებს, რომლებითაც ისინი გაიუმჯობესებდნენ სოციალურ უნარებს, მუშაობდნენ წყვილებში, მნიშვნელოვანი ფიზიკური სიახლოვეც გვქონდა, მაგალითად ხელის ჩაკიდება, ჩახუტება, ყველას ჩახუტებით ვესალმებოდი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დამეგობრებასა და დაახლოებაში. ახლა კი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ყველაფერი, ფაქტობრივად, წყვილებში მუშაობა, ჯგუფური აქტივობები ვეღარც კი ხორციელდება. ხშირად თხოვნიდნენ ნივთებს ერთმანეთს, უნაწილებდნენ საკვებს, ახლა კი ეს ყველაფერი რეგულაციების გამო ვერ ხდება, რაც თავისთავად ახდენს გავლენას ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობაზე.

– თქვენს მიერ დასახელებული ამ გამოწვევების საპირისპიროდ, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემდით, როგორც სპეციალისტებს ასევე მშობლებს. როგორც ფსიქოლოგი, ფიქრობთ რომ არსებობს გზები, რომ მიუხედავად ამგვარი რეალობისა, ბავშვის ჰარმოიული განვითარება არ შეფერხდეს?

-თუ ორინტირებული ვიქნებით ინდივიდუალურ მიდგომაზე და თითოეულ ბავშვთან ვიმუშავებთ მისი საჭიროებებისა და გამოწვევების მიხედვით, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, თუმცა ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი. შევეცდები მოგცეთ მარტივი და საჭირო რეკომენდაციები..

ხშირად ისეც ხდება, რომ ბავშვები თავიანთი ქცევის შედეგებს ვერ აცნობიერებენ და განზრახ თუ უნებლიედ აწყენინებენ ხოლმე საკუთარ თავს, ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა დაუსვათ შეკითხვა: „შენ რომ ასე მოგქცეოდა, მოგეწონებოდა?, რათა ემპათიის განვითარებას შევუწყოთ ხელი. არსებობს ისეთი აქტივობები რომელთა გამოყენებაც დაეხმარებათ ბავშვებს დაახლოვებაში. მე შევიმუშავე და ხშირად ვიყენებ ხოლმე ბავშვებთან მუშაობისას, „მეგობრობის კონვერტები“. ყველა ბავშვი აკეთებს საკუთარ კონვერტს, რომელიც ზემოდან მოხატულია და აწერია მათი სახელები. კლასელებს კი შეუძლიათ ამ კონვერტში ჩაუგდონ, ანონიმურად ან გამჟღავნებულად კომპლიმენტები, მადლიერება გამოხატონ ერთმანეთის მიმართ, ან თუ აწყენინეს ბოდიშის მოსახდელი შეტყობინებები ჩაუგდონ, გვაქვს დაწესებული კონვერტების გახსნის დღეც, ეს აქტივობა მნიშვნელოვნად აახლოვებს მათ. მასწავლებლემა და მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვების მიმართ როდესაც სტრესულ სიტუაციაში ვართ. ზრდასრულებიც განვიცდით რეგრესიას და აქედან გამომდინარე, ბავშვებიც არ არიან გამონაკლისები. ვიყოთ უფრო ემპათიურები მათ მიმართ, ვაგრძნობინოთ თავი უსაფრთხოდ, ავუხსნათ ვირუსისგან დაცვის წესები, ვესაუბროთ და გავუზიაროთ ჩვენი ღირებულებები, ბავშვობის კარგი მოგონებები გავუზიაროთ, ვისეირნოთ ხშირად, ვეთამაშოთ და მოვუსმინოთ რაც მთავარია. თუ ატყობთ, რომ რაიმე აწუხებს, ეცადეთ რომ მეგობრულად მიუდგეთ და ჰკითხოთ რაიმეზე ხომ არ სურს საუბარი, რომ ხანდახან თქვენც შეიძლება გრძნობდეთ თავს მათსავით და ა.შ.

რეკომენდაციის სახით, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ვეტყოდი იმას, რომ ბავშვებთან ერთად წაიკითხონ და განიხილონ ზღაპარი: „შენ ხარ ჩემი გმირი“, რომელიც სპეციალურად დაიწერა და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით ითარგმა უამრავ ენაზე, მათ შორის ქართულადაცაა ხელმისაწვდომი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე. ზღაპარი სპეციალურად შეიქმნა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ხელშესაწყობად. ეს ზღაპარი პრაქტიკაშიც გამოვიყენე სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, საოცრად დიდი ინტერესითა და ყურადღებით ისმენდნენ, დაეხმარა მათ სხვადასხვა საკითხების გაცნობიერებაში. ამ გზებით და კიდევ დამატებითი მეთოდების ძიებით შესაძლებელია დაიძლიოს ის სირთულეები, რომლებიც თუ ვერ შევაჩერეთ, რასაკვირველია მომავალზეც მოახდენს ზეგავლენას, და როცა პანდემია დასრულდება, მერეც თავსატეხად გვექცევა. სწორედ ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება ვიყოთ ორიენტირებული როგორც ბავშვის ინდივიდუალურ საწიროებებზე, ასევე გამოწვევებზეც და ამის მიხედვით შევარჩიოთ ჩვენი მეთოდიკაც და სტრატეგიებიც.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პანდემია ორი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, სპეცილისტებთან ერთად რეგულაციების დაცვისა და იმგვარი მიდგომების შემუშავებისკენ მოგვიწოდებენ, რომლებიც პანდემიური სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

ასევე იხილეთ:

რა ელის მსოფლიო განათლებას COVID-19-ის პანდემიის შემდეგ?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური