GE

როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასწავლებელი – ჩაცმის სტილის პრაქტიკა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ მოერგონ გარკვეულ ჩარჩოებს, მოიქცნენ და გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ პროფესიას ,,შეეფერება“. მასწავლებლის პროფესიაც ვერ უვლის გვერდს მსგავს გარემოებებს, რომლებსაც ხშირად საზოგადოებაში გაბატონებული რწმენა-წარმოდგენები განსაზღვრავს. როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასწავლებელი? ამ შეკითხვაზე პასუხი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ამ სტატიაში მოგიყვებით და გაჩვენებთ, რა წესები მოქმედებს ქართველი მასწავლებლებისთვის, როგორ გამოიყურებიან მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნაში და გაგაცნობთ მათ „დრესკოდებს“.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საქართველოში არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, ე.წ გზამკვლევი, რომელიც მასწავლებლებს ჩაცმის სტილთან დაკავშირებით კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებს. მასწავლებლის ჩაცმულობა აქ სკოლის შინაგანაწესით რეგულირდება, რომელსაც ყველა სკოლა თავად ქმნის. შინაგანაწესში ხაზგასმულია, რომ ყველა მასწავლებელს „შესაფერისად“ უნდა ეცვას. მეტი თვალსაჩინოებისთვის, გაგაცნობთ თბილისის 94-ე საჯარო სკოლის შინა განაწესს, სადაც დეტალურადაა გაწერილი დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი:

,,1.რეკომენდირებულია დასაქმებული იმოსებოდეს კლასიკურად.
2.დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
3.დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
4.როგორც ქალი, ისე კაცი დასაქმებულისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
5.დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული’’.

პედაგოგთა ჩაცმის სტილთან დაკავშირებული ხედვა განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოში, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, სკოლასთან ერთად, სახელმწიფოც არეგულირებს მასწავლებლის ჩაცმის წესს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა შტატი ვალდებულია, შექმნას ე.წ გზამკვლევი ყოველი საფეხურის მასწავლებლისთვის. მასწავლებლებს, რომლებიც დაწყებით კლასებში მუშაობენ, უფლება აქვთ, ატარონ მაისურები, მოკლე ქვედაბოლოები, სპორტული სამოსი და ა.შ. თუმცა იგივეა წესები არ ვრცელდება მაღალი საფეხურზე მომუშავე მასწავლებლებისთვის.

ამასთან ერთად, ხაზგასმულია, რომ მასწავლებელს უნდა ეცვას სუფთა ტანსაცმელი და გამოიყურებოდეს მოკრძალებულად, თუმცა ჩაცმის როგორ სტილს აირჩევს, კლასიკურს თუ თავისუფალს, ეს უკვე მასწავლებლის გადასაწყვეტია. ამერიკაში მოქმედ მკაცრად კონსერვატიულ კერძო სკოლებში, სკოლას შეუძლია მასწავლებლებისთვის დააწესოს ე.წ უნიფორმაც.

ევროპის სახელმწიფოებში, ქვეყნები უარს ამბობენ მსგავსი ტიპის შეზღუდვებზე. თავად წყვეტენ ჩაცმის როგორი სტილი შეარჩიონ, თუმცა აუცილებელია გამოიყურებოდნენ: სუფთად მოწესრიგებულად და მოკრძალებულად. მაგალითად გერმანიაში სრულად დასაშვებია მოკლე ჯინსების ტარებაც, თუმცა სკოლის დირექცია ან მშობელთა კომიტეტს აქვს უფლება, თუ კონკრეტული მასწავლებლის ჩაცმულობა აფერხებს სასწავლო პროცესს, მოსთხოვოს მას, რომ გადახედოს საკუთარ გარდერობს.

ქვეყნებში, სადაც თბილი კლიმატური პირობებია, გათვალისწინებულია გარემო-პირობებიც. ქვენებში, სადაც ტემპერატურა ყოველთვის მაღალია, მაგალითად ბრაზილიაში, მასწავლებლისთვის არ არსებობს შეზღუდვა, რომ ჩაიცვან მოკლე ქვედაბოლოები და შარვლები, ან მსუბუქი სამოსი. ეს მათი უფლებების დარღვევად და არაკომფორტული სამუშაო პირობების შექმნად ითვლება.

მკაცრია წესები პედაგოგებისთვის ისლამისტურ სახელმწიფოებში, სადაც უამრავი შეზღუდვა მოქმედებს. ყველა მასწავებელი ვალდებულია, დაიცვას სპეციალური ჩაცმის წესი.

ქალი მასწავლებლებისთვის სპეციალური უნიფორმები იქმნება, ჩალმის ტარება კი, სავადებულოა. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ აქვთ უფლება ატარონ კოსტიუმებიც.

მაგალითისთვის, პალესტინასა და ირანში, არატრადიციული სამოსის ტარების უფლება ქალი მასწავლებლებისთვის სრულად აგრძალულია.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური