GE

როგორ უნდა განუვითარდეს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება და რა „საამაყო“ მოდელზე საუბრობს განათლების მინისტრი?

„ნაკლები ბიუროკრატია და ორიენტაციის გადატანა კლასებში“ – ეს გახლავთ ძირითადი მესიჯი, რაც 18 იანვარს, განათლების რეფორმაზე საუბრისას, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააჟღერა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ამოსავალი წერტილი ბავშვი, ანუ მოსწავლე იქნება. საგაკვეთილო გეგმები კი  შედგება არა ცენტრალიზებულად, არამედ პედაგოგების მიერ, სკოლების საჭიროებებიდან გამომდინარე.

საკითხზე საუბრისას თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში მიხეილ ბატიაშვილს 150-ე სკოლის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა სწავლების „ახალი მოდელის“ პილოტირება, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას უწყობს ხელს, თუმცა დეტალებზე არასდროს უსაუბრია. პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც ამ მოდელის შესახებ საზოგადოებამ გაიგო, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტაჟი იყო, საიდანაც მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მეორე კლასელებს გაკვეთილებს მაღალკლასელები უტარებდნენ, კითხვა–პასუხის რეჟიმში. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდელის პილოტირება 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და ნოემბერში სამინისტრომ შეაჯამა კიდეც მისი შედეგები და დაადგინა, რომ ის ძალიან კარგია და  მომდევნო სემესტრიდან სხვა სკოლებშიც უნდა დაინერგოს, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვეუბნება, სხვა სკოლები პროექტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩაერთვებიან.

სამინისტროში გამართული პრეზენტაციაზე გეგმების შესახებ ძირითადად ზოგადად ისაუბრეს, განმარტეს, რომ ჯერაც მუშაობის პროცესში არიან. ითქვა, რომ აუცილებელია გაკვეთილი იყოს ინოვაციური, საინტერესო ბავშვისთვის და მან ცოდნასთან ერთად აუცილებლად უნდა შეიძინოს ის თვისებები, რაც დღევანდელ რეალობაში აუცილებელია, მაგალითად შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები. ამ შემთხვევაშიც, როგორც მინისტრის, ისე მისი მოადგილის მიერ დასახელებული იყო თბილისის 150-ე სკოლა და იქ განხორციელებული პროექტები.

„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, უნდა გენახათ როგორი აქტიურები იყვნენ და როგორი ხალისით იყვნენ ჩართულები ბავშვები საგაკვეთილო პროცესში“, – თქვა მინისტრმა.

როგორ უნდა განუვითარდეს მოსწავლეს კრიტიკული აზროცნება, რა შეიცვლება მასწავლებლებისა და და მოსწავლეებისთვის სკოლაში, EDU.ARIS.GE  შეეცადა, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.

რა ვიცით საპილოტე მოდელის შესახებ

„ახალი მოდელი საკმაოდ კომპლექსური მოდელია, რომელიც ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი ანალიზის შემოტანას. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდება უფრო მეტი ანალიზის, მსჯელობის, სწორი გადაწყვეტილებების უნარების განვითარება და ეს ყველაფერი ამას მოემსახურება. გარდა ამისა, უფრო მეტი ტექნოლოგიები და ინოვაციები დაინერგება სკოლაში. პროცესი დაიწყება ეტაპობრივად, დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გავრცელდება ზედა კლასებშიც“, – გვითხრა მინისტრმა სექტემბერში, სწავლის დაწყების პირველ დღეს.

რა წერია მოდელის შესახებ სამინისტროს შემაჯამებელ ინფორმაციაში

უწყება გვატყობინებს, რომ თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა.

„პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. მეორე სემესტრიდან პროექტი საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში დაინერგება, ხოლო 2023-წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას დაფარავს.

ხაზგასასმელია, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და მისიას პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა; ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. სკოლებში დაინერგება ასევე ცნებების პედაგოგიკა, რაც მოსწავლეებში აღმოჩენისა და ძიების ინტერესს გააძლიერებს.

მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით საკუთარი გამოცდილებით შეიძენენ ცოდნას მათთვის უცნობ სფეროებში. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, ასევე წარმართვაში. კონსტრუქციულ გარემოში მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტიური კვლევა-ძიებითი, შემეცნებითი პროცესების წარმოება ხელს შეუწყობს ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას და დარგობრივი ცნებების აზროვნების ინსტრუმენტებად გარდაქმნას. მსგავსი მიდგომები კი სწავლა-სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს“, – წერია სამინისტროს შემაჯამებელ ინფორმაციაში.

მასწავლებელთა უმრავლესობისთვის ეს ინფორმაცია ყოველგვარი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, მით უფრო და ასეთი ზოგადი ფრაზებით გაჯერებული, არაფერს ამბობს თავად მოდელის შინაარსზე.

პედაგოგების პოზიციები ასეთია:

–ვუსმენთ მინისტრს და ვინმემ იცით რამე ამ მოდელზე?

–უფრო კონკრეტულად ამის შესახებ სადმე წერია? ამ ლოზუნგებით ვერაფერი გავიგე;

–მე სულ მოდელი მაქვს მაშინ, თან ყველა გაკვეთილზე;

–საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი;

–მეც ხშირად მაქვს ასეთი მოდელი… მეთორმეტე კლასელს ვატარებინებ გაკვეთილებს დაბალ კლასებში…

–ვერ გავიგე, რა მოდელია ასეთი?

რა დამატებითი ინფორმაცია მიიღო EDU.ARIS.GE-მ განათლების მინისტრის მოადგილისგან

როგორც ირინა აბულაძე გვეუბნება, „ახალი სკოლის მოდელი“ საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება სწორედ აღნიშნულ სკოლაში. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მასში კიდევ 50 სკოლა ჩაერთვება, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი 150-მდე უნდა გაიზარდოს. სამინისტრო ამ ეტაპზე შერჩეული სკოლებს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ პროექტი მხოლოდ დედაქალაქს არ მოიცავს.

რა განხორციელდა საპილოტე სკოლაში? პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობდა. პედაგოგებს  პერსონალურად გადაეცათ ლეპტოპები, სამინისტროს დამხმარე ჯგუფი კი მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე მუშაობდა. ირინა აბულაძეც ამბობს, რომ ახალი მიდგომების დანერგვის შემდეგ, სკოლაში სწავლების პროცესი უფრო მოსწავლეზე ორიენტირებული გახდა და პედაგოგებმაც სხვა კუთხით შეხედეს თავიანთ საქმიანობას.

„150-ე  სკოლაში მოხდა ის, რომ მასწავლებლებმა მეტი დრო გაატარეს გეგმის შედგენაში და მოდიფიცირებაში ჩვენი ექსპერტების დახმარებით. ჩართეს უფრო მეტი ტექნოლოგიური რესურსი, უფრო მეტი აქტივობები, რაც ბავშვებისთვის შექმნიდა საინტერესო გარემოს. შეიტანეს განსხვავებული თემატიკა, თანამედროვე და მოზარდებისთვის ცნობილი და საინტერესო. შესაბამისად, პროცესი უფრო გააქტიურდა და მოსწავლეზე ორიენტირებული გახდა. ჩვენ გვაქვს ვიდეოები, როგორი ხმამაღალი და მხიარული პროცესები მიდის საკლასო ოთახში“, – ამბობს ის EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსგავსი მიდგომები გაზაფხილიდან უკვე დაინერგება სამინისტროს მიერ შერჩეულ 50 სკოლაში. რეფორმა სტანდარტულ საგაკვეთილო პროცესთან ერთად, საკლუბო მუშაობის გააქტიურებასაც გულისხმობს, სადაც მენტორებად, შესაძლოა, უფროს კლასელებიც მოგველინონ.

„მნიშვნელოვანი ინიციატივაა უფროს კლასელების ჩართვა პროცესებში. მიმდინარეობს ინფორმაციების მოძიება და სკოლების ინტერესების გათვალისწინებით პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციებს და ფედერაციებს ჩავრთავთ. მნიშვნელოვანია ინოვაციური კლუბების შექნმა, თუმცა ეს არის ელემენტი, რომელიც შეიძლება 50-ვე სკოლაში არ იყოს, გააჩნია მოსწავლის ინტერესებს. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს წიგნიერების კლუბი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტექნოლოგიური კლუბი და ა.შ სადაც იქნება მიმაგრებული მენტორი, რომელიც შესაძლებელია, იყოს ან უფროსკლასელი ან უფროსი მასწავლებელი, ან  მოწვეული ადამიანი. საკლუბო მუშაობის დროს არ იქნება აუცილებელი, რომ იყოს ასაკობრივი დაყოფა მეოთხეკლასელი იქნება ბავშვი თუ მეშვიდეკლასელი, აქ საუბარია რომ პროცესი იყოს რაც შეიძლება საინტერესო.

„ჩვენთვის ეს არის ამოსავალი, რომ მოსწავლე არ უნდა იჯდეს ჩუმად, ზურგს უკან ხელებდაწყობილი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ასაკობრივი შერევა მოხდება მხოლოდ საკლუბო-საწრეო მუშაობის დროს, თუმცა ყველა სკოლამ შეიძლება თავისი ვარიანტი მოიფიქროს. მთავარი მიზანი არის გააქტიურება და სასკოლო ცხოვრების გაჯანსაღება, სადაც თანამშრომლობის გარემოა, იქ ძალადობაც  ნაკლებია“, – დასძენს  მინისტრის მოადგილე.

განათლების რეფორმის პრეზენტაციის პირველ დღეს ცნობილი გახდა, რომ საპილოტე სკოლებში  ჩნდება ახალი რგოლი – ეს გახლავთ  დამხმარე ჯგუფი, რომელიც პედაგოგებს ინდივიდუალური გეგმების შედგენასა და საჭიროებების განსაზღვრაში უნდა დაეხმაროს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში უკვე დაიწყება აღნიშნული ჯგუფების გადამზადება და მოხდება ახალი მოდელის გადატანა 50 შერჩეულ სკოლაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ჯგუფების შემადგენლობაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მასში  ტრენერები და გამოცდილი პედაგოგებიც იქნებიან.

„ახლა ვამზადებთ შერჩევის მოდელს, აქ იქნებიან აუცილებლად ტრენერები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, თუმცა ეს არ იქნება ერთადერეთი კრიტერიუმი. ჩვენ ვიცით მასწავლებლები, რომლებიც არ არიან ტრენერები, მაგრამ არიან კარგი სპეციალისტები. მთავარი ამოსავალი კრიტერიუმი უნდა იყოს, რომ ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან სასწავლო პროცესი. მაგალითად, ის შეიძლება იყოს კერძო სკოლის მასწავლებელიც. ამ 50 სკოლაში ჩვენ გვეყოლება 50 ჯგუფი, ანუ თითო ჯგუფი, თითო სკოლაზე. ჩვენ ახლა გადავდივართ ერთი სკოლის პილოტიდან 50 სკოლის პილოტზე. ეს  კიდევ შემდეგი ეტაპია, რომ რეალურ სიტუაცუაში დავტესტოთ სიახლე. 150-ე საჯარო სკოლის შემთხვევაში ოთხი ხუთი ადამიანი იყო ამ ჯგუფში და ასეთივე რაოდენობა იქნება სხვა სკოლებშიც“, – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ზოგადი საუბრებიდან ირკვევა, ზოგადი განათლების რეფორმის მთავარი მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და სკოლების დეცენტრალიზაციაა, სასწავლო დაწესებულებებმა მოსწავლეთა კონტინგენტისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, თავად უნდა განსაზღვრონ გეგმები და საჭიროებები და სწავლების პროცესი უფრო მიმზიდველი უნდა გახადონ. პრეზენტაციაზე ზოგადად ნახსენები იყო სკოლის მენეჯმენტის განვითარებაც.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს და რეფორმამ 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლა უნდა მოიცვას.

მსგავსი მიზნები გვხვდებოდა თითქმის ყველა ყოფილი მინისტრის გეგმებსა და დაპირებებში, ყველა მათგანს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა და იდეები ჰქონდა, მათ შორის ვრცელი დოკუმენტებიც სტრატეგიებისა თუ რეფორმის შესახებ და გარკვეულ პროექტებსაც ახორციელებდა, თუმცა ზოგადი განათლების სფეროში ეფექტური და თვალშისაცემი ცვლილებების მიღწევა ამ დრომდე ვერავინ შეძლო. ქართველ მოსწავლეებს კი, კრიტიკული აზროვნების პრობლემის გარდა რომ წაკითხულის გააზრების მხრივაც სერიოზული ჩამორჩენა აქვთ, ამას კვლევებიც ცხადყოფს.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური