GE

როგორ უნდა განუვითაროთ აკადემიური უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასის მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილზე ცელქობს და სხვა მოსწავლეებსაც იყოლიებს

ალბათ, ყველას გვინახავს საკლასო ოთახში (ზოგჯერ გაკვეთილის მიმდინარეობისას) მფრინავი ქაღალდის თვითმფრინავები, ოხუნჯობაზე გადართული მოსწავლეები, რომლებიც უბრალოდ „ერთობიან“. ამის პარალელურად, ხშირად ნახავდით ატირებული თუ გაბრაზებულ ბავშვსაც, რომელსაც რაღაც ეწყინა. ასეთი შემთხვევები ყოველი პედაგოგის ყოველდღიურ პრაქტიკაში უამრავია, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში.

ოხუნჯობა თუ სიცელქე მოსწავლეებს ხელს უშლის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლითაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და აუცილებელი აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ.

EDU.ARIS.GE მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ახალგაზრდა მასწავლებელსა და დამრიგებელს, გურანდა ზიბზიბაძეს ესაუბრა, რომელიც გვიამბობს, როგორ უვითარებს მოსწავლეებს აკადემიურ უნარ-ჩვევებს ისე, რომ მათი ბავშვური სიცელქე პოზიტიური საგაკვეთილო გარემოს ნაწილად აქციოს.

გურანდა მასწავლებელი პირველ რიგში გვესაუბრა იმ აუცილებელი აკადემიური უნარ-ჩვევების შესახებ, რომელთა განვითარება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საჭირო და აუცილებელია.

„როდესაც მოსწავლე რაიმე მოქმედებას ახორციელებს, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა უვითარდება. თავის მხრივ, აკადემიური უნარ-ჩვევები შემდეგ მიმართულებად იყოფა: კითხვა, წერა, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება და სხვა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ უნარ-ჩვევების განვითარება განსაკუთრებით დიდი გამოწვევა მხოლოდ პირველ კლასშია. თუ პედაგოგი სათანადო მეთოდიკით არ მუშაობს, მის კლასში მოსწავლეებს ყოველთვის იქნებათ აკადემიურ უნარ-ჩვევების განვითარების პრობლემები. შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ მაგალითად, მეოთხეკლასელმა მოსწავლემ კითხვა ან წერა არ იცოდეს და ეს იმიტომ მოხდება, რომ პედაგოგმა არ მიაქცია ყურადღება მისი აკადემიური-უნარ ჩვევების განვითარებას. ჩათვალა, რომ ამაზე პასუხისმგებელი არა თავად, არამედ დამრიგებელი იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსწავლე პირველკლასელი გახლდათ“, – გვიხსნის დამრიგებელი.

გურანდა ზიბზიბაძის თქმით, პედაგოგები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა საგაკვეთილო აქტივობებს მოსწავლის აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ისე გეგმავენ, რომ ბავშვებში დისციპლინა განავითარონ და არა აკადემიური უნარ-ჩვევები:

„ვიცით, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ოხუნჯობები და ბევრსაც ცელქობენ. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე ეს არაა მიზანშეწონილი, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, თუ პროცესი უმართავია და ბავშვები ერთმანეთს ისე იყოლიებენ, რომ გაკვეთილი ჩაშალონ. პირადად მე ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის აქტივობები ისე დავგეგმო, რომ მათში ბავშვური სიცელქე და ინტერესი არ ჩავახშო. ამისთვის სულაც არ ვცდილობ, მათ დისციპლინის განვითარებაში დავეხმარო. ჩემი პასუხი ბავშვების სიცელქეზე არის ის აქტივობები, რომლებიც მათ სიცელქეს მართულს გახდის და მაქსიმალურად მიზანმიმართულად ჩართავს საგაკვეთილო პროცესში“.

EDU.ARIS.GE-ს პედაგოგი მკითხველებისთვის, კლასის დამრიგებელმა ის აქტივობებიც გაგვიმხილა, რომლებსაც ის თავისი მოსწავლეებისთვის ისე გარდაქმნის, რომ მათი პოზიტივისკენ სწრაფვა და შინაგანი სუფთა ენერგიის მნიშვნელობა გაითვალისწინოს:

„მომიყევი რა წაიკითხე ოღონდ…“

ყველანი წრეზე ვსხდებით და ვკითხულობთ წიგნს, ან უბრალოდ ერთად ვხსნით გაკვეთილს. სასკოლო სახელმძღვანელოდან ან მხატვრულ წიგნიდან ვიღებთ იმ მონაკვეთს, რომლებიც ბავშვებმა ვერ გაიგეს, ან ძალიან კარგად გაიგეს. ვაცოცხლებთ წაკითხულს და ვცდილობთ, სხეულის ენითა და ჟესტებით გადმოვცეთ მისი შინაარსი. შემოგვაქვს ე.წ პანტომიმის ელემენტები. ეს აქტივობა ყველას ძალიან გაგვამხიარულებს და ბავშვებს თვითდამკვიდრებაშიც ეხმარება. ასევე, უკეთ იცნობენ პედაგოგსაც და გაკვეთილი უფრო საინტერესო, ხალისით აღსავსეა.

„აბლაბუდა“

ყველანი ვდგებით წრეზე. ერთ მოსწავლეს უჭირავს ძაფის გორგალი და გადასცემს მეორეს. მანამდე კი, ამბობს თანაკლასელის სახელს და თვისებას, რომელიც მასში მოსწონს. ასე ვაკეთებთ მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს დაინახავენ, რომ შეიქმნა ერთგვარი აბლაბუდა, სადაც ყველა მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აქტივობის იდეაა, რომ ერთი მათგანის ამოვარდნაც კი იწვევდეს კავშირის დარღვევას, ასე ხვდებიან, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის გამოყენება გაკვეთილის გამოკითხვის დროსაც შეგვიძლია, თუ ისინი შეკითხვებს დაუსვამენ ერთმანეთს. როცა ამ აქტივობას ვიყენებ, დავალების გამოკითხვის დროს ბავშვები ცდილობენ, ერთმანეთს მარტივი შეკითხვები დაუსვან, რომ ყველამ გაიმარჯვოს და ჯაჭვიც არ გაწყდეს. ეს მათ უფრო აახლოვებს და კლასს ერთიანს ხდის. და, რა თქმა უნდა, აკადემიური უნარ-ჩვევებიც უმჯობესდება.

„გამოსაძახებელი ჩხირები“

ამ აქტივობის დროს ვიღებთ ჩვეულებრივი ნაყინის ჩხირებს, რომლებზეც წერია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი. როდესაც კითხვას დავსვამთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოვიღებთ ერთ ჩხირს და სწორედ ის ბავშვი უპასუხებს, რომლის გვარსახელიც ჩხირზე წერია. ამ დროს, მოსწავლეთა იმპულსური ქცევები მცირდება და ძირითადად მიმართულნი არიან პროცესზე. ასევე ვცდილობ, ბავშვებს საკუთარი გამოსაძახებელი ჩხირი თავადვე გავაფორმებინო, რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პროცესში და საკუთარი ინდივიდუალიზმიც გამოხატონ.

„ვასამართლებთ პერსონაჟს“

ავიღებთ რომელიმე პერსონაჟს და მის შესახებ გავმართავთ სასამართლოს. ეს პერსონაჟი შეიძლება, იყოს მაგალითად, ზღაპრის გმირი, ანიმეს პერსონაჟი, ისტორიული ფიგურა, ან სულაც ის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვები შეარჩევენ. ამ აქტივობის დროს სიტყვა „გასამართლება“ უარყოფით კონტექსტს არ ატარებს. ბავშვებს ვეუბნები, რომ ჯერ განიხილონ ის საქციელი, რომელიც მათ ამ პერსონაჟში არ მოეწონათ, ხოლო შემდეგ ისაუბრონ ამ პერსონაჟის დადებით საქციელებზეც, გამოუტანონ „განაჩენი“ და დააკისრონ პასუხისმგებლობა. გარდა იმისა, რომ ამ აქტივობით ბავშვები აკადემიურ და სააზროვნო უნარ-ჩვევებს ინვითარებენ, ისინი სწავლობენ სწორად მეტყველებას, ხდებიან უფრო სამართლიანები და კეთილშობილურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„სიტყვების გაჩერება“

ეს აქტივობა 2 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად, დიდ ფორმატზე იწერება ქცევის ის სასურველ წესები, რომლებსაც ბავშვები ერთობლივად მიიღებენ. შემდეგ ეტაპზე კი ვიყენებთ „გაჩერებების მეთოდს“. კედელზე ვწერთ მსგავს სიტყვებს მოცემული თანმიმდევრობით. სულ გვაქვს 4 გაჩერება. დილით ყველა მოსწავლის სახელი სულ თავშია (სახელების დასაწერად ვიყენებთ პატარა ზომის სარჭს, მასზე წერია თითოეულის სახელი). წინასწარ შედგენილი რომელიმე წესის დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული მოსწავლის სახელი ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის. თუ ქცევას გამოასწორებს, ისევ უბრუნდება საწყის ადგილმდებარეობას. ამ აქტივობით შემოგვაქვს ე.წ თვალსაჩინოების მეთოდი და გარდა იმისა, რომ ჩვენი პოზიტიური ქცევის განმტკიცებას ვახდენთ, უფრო მეტად გვაქვს ერთიანობის შეგრძნება.

გურანდა ზიბზიბაძემ გვითხრა, რომ მის მიერ აღწერილი თითოეული აქტივობა, არა მხოლოდ უზრუნველყოფს, „ცელქ“ მოსწავლეებში აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ თითოეული მათგანი ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ამიტომ, მისი რეკომენდაციაა, პედაგოგებმა, ნაცვლად მკაცრი ტონით საუბრისა, აქტიურად დაიწყონ ასეთი სახის აქტივობების გამოყენება.

ასევე იხილეთ:

რა ხდება, როცა სკოლაში „შატალოს“ ფაქტი ფიქსირდება – სასკოლო საზოგადოების გამოწვევები და ინიციატივები, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური