GE

როგორ უზრუნველყოფს CIU სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას

სტუდენტთა დასაქმების საკითხი ყველა განვითარებული ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი სტუდენტები კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.

ამიტომაც უნივერსიტეტებში არსებობს კარიერის სამსახურები, ან მსგავსი სახის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ახვედრებენ დამსაქმებლებთან, უტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს (CV-ის ან რეზიუმეს შედგენა, გასაუბრების ტექნიკა, სამუშაო ადგილის ძიების ხერხები და სხვა).

კარიერული განვითარების სამსახური

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარება და მათი ღირსეულად დასაქმების ხელშეწყობა. სპეციალურად ამისთვის უნივერსიტეტში არსებობს კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობ ღონისძიებებს/პროექტებს.

კსუ-ის კარიერული მხარდაჭერის სერვისი მოიცავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, სამომავლო კარიერული და დასაქმების შესაძლებლობების და შრომის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშების შესახებ, ასევე, კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, კარიერული კონსულტაციის გაწევას კონკრეტულ თემატურ ღონისძიებებში, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში მათ ჩართვას.

კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის პორტალის მეშვეობით შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის გამოწერა, რაც უფრო მოქნილს ხდის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის საჭირო კარიერული ინფორმაციის მიღებას. ასევე, პორტალის მეშვეობით მათ შეუძლიათ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციაზე წინასწარ ვიზიტის დაგეგმვა. სამსახური ეხმარება სტუდენტებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, რაც გამოიხატება უნივერსიტეტში პოტენციურ დამსაქმებელთა მოწვევაში.

კსუ-ში ამ მიმართულებით პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა ტრენინგი და მასტერკლასი, პროფილური დასაქმების ფორუმები, რაც თითოეულ ბენეფიციარს საშუალებას აძლევს, ადგილზე გააცნოს თავი კომპანიის წარმომადგენელს, გაცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია, დატოვოს რეზიუმე (CV), დარეგისტრირდეს კონკრეტულ ვაკანსიაზე ან იქვე გაიაროს გასაუბრება.

პარტნიორობა დამსაქმებელთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 200-ზე მეტ წარმატებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, გათვალისწინებულია სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმება.

ხშირია შემთხვევები, როდესაც პროფესორ–მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი თავად არის დამსაქმებელი და მათი ჩართულობა ხორციელდება ლექცია–სემინარებსა თუ პრაქტიკულ მეცადინეობებზე დატვირთვით.

ახალი პროგრამის შემუშავების პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ასევე ჩართულნი არიან პოტენციური დამსაქმებლები, რომლებთანაც უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები და ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

პრაქტიკის შესაძლებლობა

კარიერული განვითარების სამსახური, პერსონალის მართვის სამსახურთან ერთად, წელიწადში ორჯერ აცხადებს სტაჟირების პროგრამას უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში, რაც სტუდენტების პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამჟამად უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებულია 35-მდე კსუ-ის კურსდამთავრებული, მათ შორის – საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. ასევე, უნივერსიტეტი ახორციელებს ახალგაზრდა მკვლევრების მეცნიერებაში მოზიდვას და კსუ-ის სადოქტორო პროგრამების რამდენიმე კურსდამთავრებული იკავებს აკადემიურ პოზიციას.

კსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ისინი წარმატებით საქმდებიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ სწავლის დროსაც, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, არდადეგების პერიოდში გაიარონ სტაჟირების პროგრამები უცხოეთში, რაშიც უნივერსიტეტიც უწყობს ხელს.

უფასო მასტერკლასები და ტრენინგები

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის პერიოდულად ტარდება უფასო კურსები, მათი უნარების განვითარების მიზნით.

სტუდენტებისთვის სწავლისა და მუშაობის შეთავაზების ხელშეწყობა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტებისათვის სწავლების სპეციალური პირობების შექმნის წესი, რომელიც ადგენს სწავლების საშეღავათო პირობებსა და ფინანსურ შეღავათებს. მაგალითად: შუალედური, ფინალური/დამატებითი გამოცდების ჩააბარების შესაძლებლობა ინდივიდუალური გრაფიკით. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს სალექციო საათები აქვთ საღამოს. მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან, რომ კსუ-ის სტუდენტებს შესთავაზონ ნახევარ განაკვეთიანი სამსახურები. შიდა საკომუნიკაციო არხებისა და კარიერული განვითარების სამსახურის პორტალის მეშვეობით კი ხდება სტუდენტებამდე დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

წარმატებული კურსდამთავრებული

წარმატების განმსაზღვრელი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, საუნივერსიტეტო სივრცე და ხარისხი ერთ-ერთი განმაპირობებელია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციურ და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროგრამები შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე იქმნება. აქედან გამომდინარე, კსუ-ის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ისინი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან და, შესაბამისად, კვალიფიკაციით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობას წარმატებული კარიერა აქვს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური