GE

როგორ ვაკონტროლოთ ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა ზაფხულში – რეკომენდაციები მშობლებს

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან, როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დეტალურ რეკომენდაციებს გვთავაზობს.

რეკომენდაციების თანახმად, ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, ბავშვის ორგანიზმისთვის შესაძლოა, გახდეს სტრესის მიზეზი. ამასთან, ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაგალითად, დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

EDU.ARIS.GE დაავადებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

„სიმპტომები რომლის დროსაც ბავშვის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, ინტენსიური წყურვილი, შარდის შეკავება, გულის რევა, ღებინება, ჩვეულებრივზე სწრაფი სუნთქვა, დაბუჟება. კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი ან ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა).

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა),  გულსისხლძარღვთა და თირკმელების  დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში  გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ  ტელევიზორთან გატარებულ დროს.

ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება.

როგორ ავიცილოთ თავიდან  ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)

გადაანაწილეთ და დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის უფრო გრილ პერიოდში თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.  გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

აირიდეთ მზის დასხივება – უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.

ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 5 გრადუსით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

დაიმახსოვრეთ! – მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან. არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა.

იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.

ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა –  შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებში.

თუ ბავშვს კითხვა არ უყვარს პრობლემა ყოველთვის სიზარმაცეში არ არის – ექიმების რეკომენდაციები მშობლებს

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური