GE

როგორ ხდება ეროვნული გამოცდებისთვის მზადება – ტექნიკური დეტალები აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ

ახალი სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებისათვის მზადება მისი დასრულებისთანავე იწყება – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიშში წერია, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ როგორ ხდება გამოცდებისთვის მზადება და რის გათვალისწინება ევალებათ გამომცდელებს.

თუმცა, როგორც ვრცელი ანგარიშიდან ვიგებთ, ყველაზე საინტერესო და ქმედითი პროცესები ივნისის თვეში იწყება.

მონაწილე მხარეები და მათი ფუნქციები

გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფში საქართველოს ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის მერია და რამდენიმე ინტერნეტ პროვაიდერია ჩართული. ჯგუფის შემადგენლობა დაახლოებით აპრილის ბოლოს ფორმირდება, ხოლო პირველი შეხვედრა მაისში იმართება და მათ სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს იმის თაობაზე, თუ სად არ ყავთ მედპერსონალი, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სად შეიძლება დააყენოს სახანძრო მანქანები, რომლებიც შენობის პერიმეტრზე იმორიგევებენ, დასუფთავების სამსახურმა უნდა იცოდეს, რომ საგამოცდო ცენტრთან არსებული ურნები მხოლოდ შესვენების ან გამოცდის დასრულების შემდეგ უნდა დაცალოს და სხვა.

შეჯერებული ინფორმაცია ივნისის თვეში ყველა დაწესებულებას ეგზავნება სქელტანიანი დოკუმენტის სახით („ღონისძიებათა გეგმის სამუშაო ვარიანტი“). მასში გაწერილია მარშრუტები (რა გზის გავლით უნდა მიიტანოს დაცვის პოლიციამ ცენტრში ნამუშევარი პასუხების ფურცლების დალუქული ყუთები ან რომელი ცენტრების მიმართულებით იმოძრავებს დამატებითი ტრანსპორტი), ყველა ცენტრის მისამართი და წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია, ცენტრების დატვირთვის ცხრილი გამოსაცდელთა რაოდენობებისა და სექტორების მითითებით, სამაშველო ბრიგადების მიმაგრების სქემები და სხვ. გამოცდების ორგანიზების სამსახურის უფროს მაია კოპლატაძის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართული ყველა პირისთვის „უცვლელი სახელმძღვანელოდ“ ითვლება მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე

გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე საგამოცდო ცენტრებში ინვენტარი იგზავნება – სადეზინფექციო საშუალებები, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთები, პასუხების ფურცლები, ფურცლები შავი სამუშაოსთვის, პირბადეები, საინფორმაციო პლაკატები, კალმები და სხვ.

გამოცდების ორგანიზების სამსახური ბეჭდვისა და ჩალაგების პროცესს კურირებს, შემდეგ კი ყველა ცენტრში სათითაოდ ამოწმებს, თუ როგორ გადანაწილდა მიღებული ნივთები, თავის ადგილას აწყვია თუ არა ყველაფერი და სხვ. სამსახურის ხელმძღვანელს ყველა ცენტრის ფოტომასალა აქვს და შესაბამისად იცის, თუ როგორ გამოიყურება ის გამოცდის დაწყებამდე. შემდეგ კი ვიდეომასალასაც უგზავნიან გარკვეული პერიოდულობით.

როგორც ცნობილია, გამოცდაზე რეგისტრაციის დროს მითითებული ქალაქის შეცვლა არ ხდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი აუცილებლად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება, რადგან ნაშრომების გასწორებას დიდი დრო სჭირდება.

„ნაეკი“ განმარტავს, რომ შეუძლებელია ერთ დღეს ყველა ქალაქში ერთი და იგივე გამოცდა არ ჩატარდეს, რადგან ბევრი სირთულე შეიქმნება. გამოცდების თანმიმდევრობა ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ყველა ცენტრი თანაბრად იყოს დატვირთული და ცარიელი არ დარჩეს არც ერთი სექტორი, ასევე არ მოხდეს გამოცდების „გადაფარვა“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი საერთო სამაგისტრო გამოცდას, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებას აბარებს, მან სამივეზე უნდა შეძლოს გასვლა და თან აუცილებლად სხვადასხვა დღეს.

გამოსაცდელთა განაწილების დოკუმენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეგზავნება, რომლის საფუძველზეც ის ელექტრონულ ბაზას ამზადებს და პირთა ინდივიდუალურ განაწილებას იწყებს სექტორებისა და მაგიდის ნომრის მითითებით. საგამოცდო პროცესი ყოველ წელს იწყება მისი იმიტაციით, დილით კი ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე მზადაა აბიტურიენტების მისაღებად. პროცესი დაახლოებით 1 თვის შემდეგ დაბრუნებული ინვენტარის აღწერითა და დასაწყობებით სრულდება. შემდეგ კი პროფესიული ტესტირებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებისთვის ისევ თავიდან იწყება სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხების დაგეგმვა და მოგვარება.

გამოცდის დღე

დისტანციასა და მწკრივს მანდატურის სამსახურისა და ცენტრის თანამშრომლები ერთად აკონტროლებენ – ყველა სპეციალურად მონიშნულ ადგილას უნდა იდგეს. წრეებს შორის დისტანცია ორი მეტრია. გამოსაცდელს, რეგისტრაციის გასავლელად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი სჭირდება, საგამოცდო ბარათზე მითითებულია პირის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, სექტორისა და მაგიდის ნომერი, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო, დაგვიანების შემთხვევაში პირი გამოცდაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთსა და იმავე დროს იწყება და სრულდება, როცა რამდენიმე წუთია დარჩენილი. რეგისტრაციის პროცესს რომ ხელი არ შეეშალოს, გულშემატკივრები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ქუჩის მეორე მხარეს გადაჰყავთ.

ტესტირების დაწყებამდე მეთვალყურე სექტორში გამოცდაზე მოქცევის წესებს კითხულობს. თითოეულ მაგიდაზე ერთნაირად აწყვია პორტატული კომპიუტერი, პასუხების ფურცელი და კალამი. ყველა გამოსაცდელს შეუძლია მოითხოვოს კალმის გამოცვლა და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე ახალი პასუხების ფურცელი მისი დაზიანების შემთხვევაში. პასუხების ფურცლის გამოცვლა ფორმდება სპეციალური ოქმით. შავი ფურცლები არ სწორდება, თუმცა მათი გატანა ინფორმაციის გავრცელებად ითვლება და აკრძალულია. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

სპეციალური პირობების მოწყობა

იმ გამოსაცდელებს, რომელთაც სპეციალური პირობების შექმნა ესაჭიროებათ, ხშირად გაზრდილი აქვთ საგამოცდო დრო. ასეთ პირებს ცენტრის ადმინისტრაცია წინასწარ უკავშირდება და აზუსტებს დეტალებს. 2021 წელს სპეციალური პირობა ცენტრმა 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნა. დაიბეჭდა ტესტი ბრაილის შრიფტითა და გაზრდილი შრიფტით, ჩაიწერა სპეციალური ხმოვანი პროგრამა, მოეწყო გამოსაცდელის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, გახანგრძლივდა საგამოცდო დრო და სხვ.

გამოცდების ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის საგანგებოდ აწყობს ინფრასტრუქტურას. გამოსაცდელებს ევალებათ მხოლოდ ის, რომ რეგისტრაციის პროცესში მონიშნონ შესაბამისი ველი და მითითებულ ვადებში წარადგინონ ფორმა N100, სადაც დაწვრილებით აღწერენ თავიანთ პრობლემასა და საჭიროებას. ყველა ფორმა N100-ს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სამედიცინო სფეროს სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. გამოსაცდელების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ საჭიროებს საგამოცდო დროის დამატებას და სხვა რამეს.

ყველა გამოსაცდელი – აბიტურიენტი, მასწავლებელი თუ სხვები, თანაბარ პირობებში არიან და საერთო წესებს ემორჩილებიან. საგამოცდო ტერიტორიაზე შესვლაც წესების დაცვით რეგულირდება. საგამოცდო ცენტრში უცხო პირთა დასწრება აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ ერთი შემთხვევაა: აბიტურიენტი, რომელსაც გარეთ პატარა შვილი ელოდება, რომელსაც ძუძუს აჭმევს, შეუძლია საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში შეხვდეს შვილს და გამოკვებოს, რის შემდეგაც, ჩვილი როგორც წესი, ბებიას და ბაბუას უბრუნდება, დედიკო კი გამოცდაზე წერას აგრძელებს.

ასევე იხილეთ:

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და როგორი მიდგომით შეფასდება 2022 წელს ქართულის ტესტები ეროვნულ გამოცდებზე – რეკომენდაციები

მათემატიკის ახალ ამოცანებს ავტორები ერთმანეთზე ცდიან – როგორ იქმნება ეროვნულების საგამოცდო ტესტები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური