GE

როგორ ხორციელდება მოზარდების სქესობრივი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქევყანაში – სწავლების ფორმები

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილების აუცილებლობის გარშემო არსებული კამათი არაერთ წელს ითვლის. აღნიშნულ საკითხს პოლიტიკოსები, იურისტები, სოციოლოგები და ბავშვების მშობლები აქტიურად განიხილავენ. იმაში გასარკვევად, თუ რას წარმოადგენს სქესობრივი განათლება, როგორ ხორციელდება და რა შედეგები აქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის განხილვას გთავაზობთ.

რა არის სქესობრივი აღზრდა

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების მთავარ მიზანი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის, მათი ასაკის შესაბამისად, ისეთი თემების გაცნობაა, როგორიცაა ადამიანის ანატომია, კონტრაცეპცია, ორსულობა და მშობიარობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და პრევენცია, სექსუალური ორიენტაცია და პარტნიორისადმი დამოკიდებულება, ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ძალადობა, მისი ამოცნობა და გამკლავება.

სქესობრივი განათლების მიღება ფორმალური და არაფორმალური გზით შეიძლება. პირველს საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული, სპეციალისტების მიერ შემუშავებული კურსები მიეკუთვნება. მეორე შემთხვევაში მოზარდი ინფორმაციას დამოუკიდებლად, მეგობრებთან საუბრისას, ან თუნდაც ინტერნეტიდან მოიპოვებს. იმის თქმა, რომ ბავშვმა სრული სქესობრივი განათლება მიიღო, მხოლოდ პირველ შემთხვევაში არის შესაძლებელი.

მოზარდები სქესობრივ განათლებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიასა და აფრიკაში იღებენ. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო პროგრამა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. სპეციალისტები მას სახელმწიფოს, მისი რელიგიური და საზოგადოებრივი სტრუქტურის შესაბამისად ადგენენ. გავეცნოთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ სასწავლო პროგრამებს:

ნიდერლანდები

სქესობრივი განათლების მომხრეებს მაგალითად ხშირად სწორედ ნიდერლანდები მოჰყავთ. აქ ბავშვები აღნიშნულ სფეროში პირველ ცოდნას 4-7 წლის ასაკში იღებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნიდერლანდებში მოზარდთა ფეხმძიმობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მულტფილმები სწორედ აქ შეიქმნა. ისინი ბიოლოგიის კურსის ნაწილად მიიჩნევა. ამ ასაკში ბავშვები იღებენ ინფორმაციას არა სექსის, არამედ თავიანთი სხეულის აგებულებისა და თავისებურებების შესახებ.

დიდი ბრიტანეთი

სქესობრივი განათლების პროგრამა დიდი ბრიტანეთის ყველა სკოლაში არსებობს, თუმცა ბავშვის მშობელს მასზე უარის თქმა შეუძლია. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აღნიშნულ სფეროში მეტი ცოდნის მიღება თავად ბრიტანელ მოსწავლეებს სურთ. ქვეყანაში პროგრამის რამდენიმე ვერსია არსებობს, თითოეული მათგანი ლექციის სახით ტარდება და საკონტროლოებისა თუ თემების განხილვას არ ითვალისწინებს. მეცადინეობები სქესობრივი კავშირის ფიზიოლოგიასა და ორსულობას ეხება. კონტრაცეპციისა და უსაფრთხო სექსის საკითხის წამოჭრა მასწავლებლის სურვილზეა დამოკიდებული.

გერმანია

გერმანიში სქესობრივი აღზრდა ბავშვის განათლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ ცოდნას იღებენ. თავდაპირველად ბავშვები მულტფილმებსა და ნახატებიან წიგნებს ეცნობიან, სადაც ბიჭსა და გოგონას შორის არსებულ განსხვავებაზეა საუბარი. შემდეგ მოდის შემეცნებითი ფილმები და ლექციები ზრდის ფსიქოლოგიაზე, პუბერტატზე, პირველი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ძალადობის დაუშვებლობაზე. მოზარდები უფროს კლასებში კონტრაცეპციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ფეხმძიმობასა და აბორტზე დეტალურად საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ ამ საგანში საკონტროლო წერები და გამოცდები ტარდება, რომელთა საფუძველზეც მოსწავლეები ფასდებიან.

საფრანგეთი

საფრანგეთში სქესობრივი აღზრდა სასკოლო პროგრამის ნაწილს უკვე 40 წელია წარმოადგენს. 8-9 კლასებში ამ საგანს 40 საათი ეთმობა. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას კონტრაცეპციისა და პარტნიორის პატივისცემის საკითხს უთმობენ.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებში სქესობრივი განათლების ორი ტიპი, ,,სრული“ და ,,შეზღუდული“ არსებობს. ის, თუ რომლის მიხედვით შეასწავლიან ბავშვს საგანს, ქვეყნის შტატზე, სკოლის ტიპსა და მის დირექტორზეა დამოკიდებული. სრული სქესობრივი აღზრდის შემთხვევაში, მესამიდან მეათე კლასამდე ბავშვი მიიღებს ინფორმაციას სქესობრივ განსხვავებებზე, ფეხმძიმობაზე, მშობიარობაზე, კონტრაცეპციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ძალადობასა და აბორტებზე. შეზღუდული აღზრდის შემთხვევაში კურსი ბევრად მოკლე იქნება (ის მხოლოდ ორ წელიწადს გასტანს) და ის სქესთაშორისი ურთიერთობების ეთიკურ მხარეებს შეეხება.

აზიის ქვეყნები

აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი, ფილიპინები და მალაიზია, ბავშვის სქესობრივი განათლებით სკოლაა დაკავებული, თუმცა აქ ძირითადი აქცენტი პროცესის ფიზიოლოგიაზე კეთდება. ხოლო ბანგლადეშში, ნეპალსა და პაკისტანში მსგავს ცოდნას არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არ იძლევიან.

აფრიკის ქვეყნები

ბოლო 30 წლის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებში სქესობრივ განათლებას ,,წითელი ჯვარი“ და სხვა მოხალისე ორგანიზაციები ატარებენ. პროგრამის მთავარ მიზანს მოზარდთა ორსულობისა და აივ-ინფექციის შემცირება წარმოადგენს.

მსოფლიოში სქესობრივი აღზრდის სტატისტიკური მონაცემები

სქესობრივი განათლების მოწინააღმდეგეთა მიერ პროგნოზირებული გარყვნილების ზრდისა და მორალური ნორმების განადგურების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნებს, სადაც ამ ტიპის გაკვეთილებს ატარებენ, მოზარდთა ფისიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მიღწეული შესანიშნავი შედეგებით შეუძლიათ იამაყონ.

სტატისტიკის თანახმად, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ბავშვების სქესობრივ განათლებაზე ზრუნავენ, მოზარდთა ფეხმძიმობისა და არასრულწლოვნებს შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია.

ამგვარად, ფეხმძიმობის მაჩვენებელი ყოველ 1000 არასრულწლოვან ქალზე ასეთია:

1. ნიდერლანდები – 12
2. ესპანეთი – 12
3. იტალია – 13
4. საბერძნეთი – 13
5. ბელგია – 15
6. გერმანია – 18
7. ფინეთი – 19
8. საფრანგეთი – 22
9. ნორვეგია – 31
10. დიდი ბრიტანეთი – 51
11. ამერიკის შეერთებული შტატები – 86

საქართველოს სკოლებში სქესობრივი განათლების შემოტანა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ათასი მშობლის მარშზე, რომელიც 8 მარტს გაიმართა. 1 000 მშობლის მარშის სახელით გამართული აქცია ნაწილი იყო იმ 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც ქალთა მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ დაიგეგმა.

საპროტესტო აქციის მოთხოვნები კი ასეთი იყო:

  • სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, რითაც თანხმობის არარსებობა ცენტრალური ამოსავალი გახდება;
  • პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითაც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს “ნინის საქმის” (14 წლის ძალადობის მსხვერპლი მოზარდის საქმე) პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm