GE

როგორი იქნება წელს პრემია “საბა”, ან საერთოდ იქნება თუ არა?! – რატი ამაღლობელის განცხადება

მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თიბისი ბანკი, არა მარტო ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოიწვია გამოხმაურება. წლების განმავლობაში ,,თიბისი,, ბანკი მენეჯმენტთან ერთად ქართულ განათლებასა და კულტურაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერად და ავტორად გვევლინებოდა. მათ შორის არის ლიტერატურული პრემია ,,საბა”. მისმა თანადამფუძნებელმა, მწერალმა რატი ამაღლობელმა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და ,,საბას” დღევანდელი მოცემულობით არსებობა ეჭვქვეშ დააყენა:

2002 წელს, დათო ტურაშვილის იდეით რამდენიმე მწერალი მივედით მამუკა ხაზარაძესთან, შევთავაზეთ დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემიის დაარსება, რომელსაც სულ მალე ეწოდა “საბა”.

2003 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, პირველი დაჯილდოებაც გაიმართა.

ამ დღიდან მოყოლებული, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბედი და “საბა” ერთმანეთს გადაეჯაჭვა.

მრავალი მძიმე და ნაყოფიერი დღე გამოვიარეთ და ამ 17 წლის განმავლობაში “საბას” წარმატების მიზეზიც, ჩვენი გუნდის მუშაობასთან ერთად, პირველ ყოვლისა, სწორედ მამუკა ხაზარაძის უპირობო თანადგომა გახლდათ. დღემდე ის იყო მთავარი გარანტი “საბას” დამოუკიდებლობისა. მაგალითისთვის: ის, მხოლოდ დაჯილდოების დროს, ქართული ლიტერატურის ყველა გულშემატკივართან ერთად იგებდა, როგორც ჟიურის, ისე თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობას. ხსენებული ნდობის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა “საბას” იმ მასშტაბებისათვის მიეღწია, რითაც ის დღეს ასე გამოირჩევა, როგორც მთავარი ნაციონალური პრემია ლიტერატურაში.

ჩვენ ყოველ წელს ვვითარდებოდით და მუდამ სიახლეებს ვთავაზობდით როგორც ავტორებსა და გამომცემლებს, ისე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთგულ მკითხველებს. გამონაკლისი არც წლევანდელი “საბა” იყო.

მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რომელიც განაპირობა, ერთი მხრივ, პირადად მასზე სახელმწიფოს მხრიდან გაუგონარმა ზეწოლამ და შანტაჟმა, მეორე მხრივ კი, მისმა ქვეყნისადმი და საკუთარი შექმნილი კომპანიებისადმი პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ – მეც, როგორც “საბას” ერთ-ერთი თანადამფუძნებელი – დავდექი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე – რამდენად შესაძლებელია, ასეთ არაჯანსაღ და უსამართლო სიტუაციაში “საბამ” შეძლოს საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მომავალში საკუთარი საქმიანობის წარმართვა?

ჩემთვის “პრემია საბას” არსებობა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, იგი ყოველთვის ინსტრუმენტი, ერთგვარი პლატფორმა იყო თანამედროვე ქართველი მწერლებისათვის, როგორც მათი ახალი წიგნების, ისე მათი სოციალური პოზიციისა და როლის წარმოსაჩენად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როცა სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ხაზარაძის, როგორც არა მარტო “თიბისის”, არამედ “საბას” დამფუძნებლის უფლებებიც შელახულია, როდესაც არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ჩვენგანს ისე არ მოექცევიან, როგორც დღეს მას ექცევიან, და სანამ მისი კანონიერი უფლებები არ აღდგება – წარმოუდგენლად მიმაჩნია “საბას” არსებული ფორმით გაგრძელება. “საბა” იყო და არის კონკრეტული ადამიანების კეთილი ნება, ასევე “საბა” წარმოუდგენელია იმ ადამიანების, ლიტერატორების, მწერლებისა და გამომცემლობების გარეშე, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარი წიგნებითა და პროცესში მონაწილეობის მიღებით შექმნეს იგი.

სწორედ მათთან კონსულტაციის შედეგად ვფიქრობ გაირკვეს, თუ როგორი იქნება წელს “საბა”, ან საერთოდ იქნება, თუ არა.

ვფიქრობ, ქვეყანაში მიმდინარე ამბები ყველაზე ნაკლებად მწერლებს ტოვებს გულგრილს. მათი პოზიცია კულტურისა და ლიტერატურის ანალების კვლევისას როდი უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ. აქვე დავძენ, რომ ეს პირადად ჩემი პოზიციაა და ასახავს მხოლოდ ჩემს პოზიციას (ჯერჯერობით) და იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, “საბა” იქნება მწერლებისათვის სხვადასხვა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ საპროტესტო ბრძოლის პლტფორმა და არა მიღებული ჯილდოთი ტკბობის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, დღეს ეს საპროტესტო ფორმებია მოსაძებნი, როგორც “საბას” ფორმატში, ისე ჩვენი სოციალური და სამართლებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვა (მრავალი) მიმართულებით.

ლიტერატურული პრემია “საბას” თანადამფუძნებელი

რატი ამაღლობელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური