GE

როგორია გაკვეთილებზე დასწრების პროცენტული წილი ქალაქსა და სასოფლო ტიპის დასახლებებში – საქსტატის მონაცემები

6-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის, საკლასო ოთახში სწავლებას, სასურველი სწავლების ფორმად მიიჩნევს გამოკითხული მოსახლეობის 96.4%. სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.3%, ხოლო 2.0%-ს კომბინირებული სწავლება ურჩევნია – ასეთია მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენა რეალურ დროში“ კვლევის მიხედვით გამოაქვეყნა.

კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქსტატმა, აღნიშნულ ფარგლებში, უკვე მეხუთე კვლევა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით, სულ გამოიკითხა 1 996 ოჯახი. მათ შორის, 963 – ქალაქში და 1 033 – სასოფლო ტიპის დასახლებაში.

საქსტატის მიერ, 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გამოკითხვის დასრულებამდე გასული 7 დღის განმავლობაში, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული ასე გამოიყურება:

მხოლოდ საკლასო ოთახში სწავლობდა 74,1%
სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 13.6%
გაკვეთილებს კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 11.0%.
გაკვეთილებს არ ესწრებოდა 1.3%.

საქსტატის მონაცემებით, ქალაქებში უფრო მეტად არის გავრცელებული სწავლების დისტანციური ფორმა, ვიდრე სასოფლო ტიპის დასახლებებში. ქალაქებში ონლაინ სწავლების წილი 16.6%-ია, რეგიონებში – 8.9%. საკლასო ოთახში სწავლობს სოფელში მცხოვრები ბავშვების 84.1%, ქალაქში – 68.0%.

ასევე იხილეთ:

ყველა მოსწავლე ტექნიკით უზრუნველყოფილი ისევ არ არის – რას ამბობს სამინისტრო და როგორია რეალობა ონლაინ სწავლებისას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური