GE

როგორია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრების პირველი ემოციები

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ხუთეული დასახელდა. წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენამდე მცირე დრო რჩება.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში კოალიციის „განათლება ყველასათვის –საქართველოს” დირექტორი გიორგი ჭანტურია აღნიშნავს:

მინდა, მივულოცო ხუთეულის წევრებს წარმატება კონკურსში და აღვნიშნო, რომ ისინი მართლაც გამორჩეული და წარმატებული პედაგოგები არიან, ისევე, როგორც ათეულის თითოეული წევრი. უბრალოდ, კონკურსს თავისი წესები აქვს, თორემ დამერწმუნეთ, ჟიური საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დადგა, როცა მეორე ეტაპის შედეგებზე მუშაობდა. კონკურსის ფინალური გადაწყვეტილება  – ანუ წლის საუკეთესო მასწავლებლის სახელი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს – 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. დარჩენილ ერთ თვეში, ჩვენს საზოგადოებას საშუალება მიეცემა უფრო დეტალურად გაეცნოს ხუთეულის თითოეული წევრის ისტორიას, პროფესიულ წარმატებებს, სამოქალაქო აქტივობებს. ამ მიმართებით, აქტიური მედიაკამპანია გვაქვს დაგეგმილი, რაც აუცილებელია ჩვენი ხუთეულის და საერთოდ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის.

EDU.ARIS.GE-სთან წარმატებით აღძრულ პირველ ემოციებზე საუბრობენ ხუთეულის წევრები:

ელისო აბრამიშვილი – სსიპ – ქალაქ საჩხერის  ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი:

,,სულ ვიმეორებ, რომ ათეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა. დიდ სიხარულთან ერთად,უხერხულადაც ვგრძნობ თავს ათეულის სხვა წევრებთან, მაგრამ ჩვენ ერთი მთლიანი ძალა ვართ და იმედი მაქვს, ამ ერთობით ბევრს შევძლებთ.

ჩემი წარმატება, კონკურსში მონაწილეობიდან დაწყებული – ბოლომდე, ეს  ჩემი სკოლის, ჩემი მოსწავლეების წარმატებაა.   ჩვენი სკოლა გამოირჩევა თანამშრომლობითი კულტურით,  ურთიერთის მიმართ კეთილგანწყობით და ეს ჩემთვის ხელშემწყობი ფაქტორი იყო. თქვენს კითხვაზე, ყველაზე მეტად ვინ გაახარა ჩემმა წარმატებამ, ვფიქრობ, რომ – ჩემი შვილი.“

ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი:

,,ემოციურად დატვირთული დღე მქონდა, არ ვიცი საიდან დავიწყო: სკოლის სახელმძღვანელოებზე გავყევი ბიბლიოთეკარს სამ საათზე, ხუთეულის გამოცხადებას, რომ აკლდა ხუთი წუთი, უკვე ვეღარაფერს ვაკეთებდი.

მეზობელი სკოლის პედაგოგები და მე ერთად ვისმენდით წარდგინებას, დარბაზი ავიკელით, მერე წამოვიდა ზარები, ვერ ვახერხებდი ხუთეულის წევრებთან დარეკვას…. პირველი ელისო აბრამიშვილს დავუკავშირდი, ამ ადამიანმა უდიდესი სითბოთი და სიკეთით დამმუხტა.

სახლში, კარის გაღებისთანავე ჩემი შვილი გულზე შემომახტა და მომილოცა… მერე ძველი კოლეგები… ნათესავები…  მთავარი ერთია,  უკვე ყველა წარმატებული ვართ. აი, ვინ გაიმარჯვებს ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის! ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ამ გუნდს ვერაფერი დაშლის, ჩვენი მოვალეობაა გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს, ვასწავლოთ ერთმანეთის მოსწავლეებს ის, რასაც აქამდე ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლიდით.“

ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

,,არაჩვეულებრივი პროექტია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ძალიან სწორი მიმართულება აქვთ არჩეული ორგანიზატორებს. თითოეულ ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ ათეულში გასვლა უკვე  მნიშვნელოვანი შედეგია.

თავად ფორმატი ითხოვდა ხუთეულის გამოყოფას, თორემ ათეულში ყოფნითაც უკვე ძალიან საინტერესო გახდა ჩვენი ცხოვრება. გვქონდა   გასვლითი შეხვედრა. დავაარსეთ ათეულთა კლუბი, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ეს ერთობლივ საქმიანობას მოიაზრებს და ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი მასწავლებლისთვის, ახალი შესაძლებლობაა.ასეთი მუშაობით კიდევ უფრო ვითარდები შენს პროფესიაში,  უფრო საინტერესო ხდება ჩვენი მასწავლებლური ყოველდღიურობა. რაც შეეხება ხუთეულს, არის უზარმაზარი სიხარული და პასუხისმგებლობა, სამოქალაქო აღიარება ერთად მოიცავს ამ ორ განცდას. მოკლედ, დიდი მადლობა ამ კონკურსის ორგანიზატორებს.ვინ გაიხარა ყველაზე მეტად? დედაჩემმა, პირველ რიგში; მისი თხოვნით მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში. მოკლედ ყველაზე ბედნიერი არის დედა და მასთან ერთად ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მოსწავლეები, მეგობრები, ახლობლები. ჩემს ირგვლივ ყველა გახარებულია და მილოცავს. კიდევ ერთი ჯილდო სწორედ ეს არის.“

დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი:

,,რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ასეთი აღიარება, განსაკუთრებით ასეთი გამორჩეული ჟიურის მიერ. კიდევ უფრო  მნიშვნელოვანია, როცა  სრულიად უცხო ადამიანები გირეკავენ და იზიარებენ შენს სიხარულს. ამიტომ დღევანდელი დღე  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესებიდან, რომელიც ეროვნულ ჯილდოსთან მიმართებაში მიმდინარეობს.

ამ პროექტის მიზანი მასწავლებლის  პროფესიის პოპულარიზაციაა, რასაც ნამდვილად აღწევს. დარწმუნებული ვარ, შემდგომში  უფრო მეტი პროფესიონალი ჩაერთვება კონკურსში. ახალ კონკურსამდე შორია, მაგრამ უკვე დიდი დაინტერესება არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს კოალიცია და ის ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ეს ნამდვილად გამოიღებს რეზონანსულ შედეგს. რამდენიმე წელიწადში კონკურსში მონაწილეობაც კი პრესტიჟული იქნება. მოკლედ ძალიან მაგარი პროექტია და ძალიან დიდი მომავალი აქვს. მე როგორც ათეულ-ხუთეულის წევრი ამ საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვები. ვინ გაახარა ჩემმა შედეგმა? ყველა – მშობლებიდან დაწყებული შვილებით დამთავრებული და კიდევ ლადო აფხაზავა, შარშანდელი წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელმაც  გამოცხადებისთანავე პირველმა დამირეკა და მომილოცა,დარწმუნებული ვარ ასევე დაურეკა ყველას. ლადო იმდენად გულწრფელია, რომ არ შემიძლია არ გამოვყო მისი სიხარული.

მე ძირითადად პატარებთან ვმუშაობ და ისინი ხშირად მიწერენ ბარათებს, რომ შინ მასწავლებლობანას  თამაშობენ და მათემატიკის მასწავლებლები არიან. ამ ბარათებს ვინახავ და ვფიქრობ, რომ მათ მოსწონთ მასწავლებლის პროფესია, რადგან ჩვენ მათემატიკის გაკვეთილებზე  თამაშით ვსწავლობთ და ეს სახალისოა მათთვის. რა მოხდება ათი წლის შემდეგ, დაზუსტებით ძნელი სათქმელია, მაგრამ იმედი მაქვს ზოგიერთი მათგანი მართლაც მასწავლებელი გახდება“

მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი:

,,მეტად ემოციურ განწყობაზე ვარ. უძლიერესი მასწავლებლები არიან ჩემს გვერდითაც და ათეულშიც. ჟიურის ძალიან გაუჭირდებოდა გამორჩევა. გული სიხარულით არის სავსე,მეამაყება, რომ მათ გვერდით ვარ. წინა ათეული, წლევანდელი ათეული  – ყველა ძალიან მაგრები არიან და ყველას წარმატებას ვუსურვებ!  ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩემი მოსწავლეების წინაშე, ,,ეროვნული ჯილდოს“ წინაშე, მთელი ბაღდათის წინაშე და საქართველოს წინაშე. რა უნდა შევცვალო? ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას, როგორც  აქამდე და სანამ ვარ, ასე იქნება. ჩემი წარმატებით გაიხარა ყველამ, განსაკუთრებით მოსწავლეებმა, უამრავი კომენტარი, მილოცვა მივიღე ნაცნობი და უცნობი ადამიანებისგან.

როცა ვავსებდი აპლიკაციას,დავითვალე რამდენი მასწავლებელი მყავს გაზრდილი… მხოლოდ ინგლისურის 11 თუ 12 დავითვალე.თან რომ იცი, შენი ყოფილი მოსწავლე უკვე წარმატებული მასწავლებელია, სიხარული ათმაგდება.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური