GE

როგორია მსოფლიოს 10 წამყვანი უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდები

ინოვაციები განათლების სისტემისთვის უცხო არაა, თუმცა საქართველოში აქცენტი ძირითადად, სკოლებზე კეთდება და სიახლეები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იშვიათად თუ ინერგება მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები არაერთ უჩვეულო პროგრამას ახორცილებენ, რათა ცვლილებებთან ადაპტირებული სასწავლო გარემო შექმნან და სტუდენტები ხვალინდელი დღისთვის მოამზადონ.

გთავაზობთ 10 მაგალითს იმისა, თუ როგორ შეგვიძლია სწავლების ინოვაციური მეთოდების უნივერსიტეტებში დანერგვა:

არიზონას უნივერსიტეტი (ASU)

წლებია, რაც არიზონას უნივერსიტეტი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიონერად ითვლება. 2003 წლიდან დღემდე მას 2 700-მდე გამოგონება აქვს წარდგენილი, მათგან 800 ტექნიკურ ლიცენზიას უკვე ფლობს. ამავე უნივერსიტეტის დახმარებით 100-ზე მეტი სტარტაპი შეიქმნა. მისი კრედო სტუდენტებში სამეწარმეო ცოდნის განვითარება და ისეთი ფუტურისტული იდეის განმხორციელებელია, როგორიცაა პროექტი იეროგლიფი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

სამეწარმეო ცოდნის პროგრამა – კვლევები, ინოვაციები, სამეწარმეო პარტნიორობა – ეს იმ გზების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც არიზონას უნივერსიტეტი ინტერდისციპლინური იდეების წახალისებისა და ყველა ფაკულტეტის სტუდენტში სამეწარმეო უნარების გამომუშავებისთვის მიმართავს. ASU თავშესაფარი გახდა ნებისმიერი დისციპლინით დაინტერესებული ახალგაზრდისთვის, რომლის მიზანი საკუთარი იდეის განხორციელებაა. მაგალითად, ბოლო კვლევა ცილის სტრუქტურის ახალ ნათებით შესწავლა, ინჟინერიისა და ბიოლოგიის კომბინაციაა.

პროექტი „იეროგლიფი“ – შესაძლებელია თუ არა, სამეცნიერო ფანტასტიკა რეალური ინოვაციის ინსპირაციად იქცეს? დიახ, ASU-ის მეცნიერებისა და წარმოსახვის ცენტრი სწორედ ასეთი იდეების განხორციელებას ემსახურება. ის სტუდენტებს კრეატირულად ფიქრს ასწავლის და შთააგონებს, რომ უკეთესი მომავლის შექმნა ინოვაციური აზროვნებით იწყება.

სირაკუზას უნივერსიტეტი

ესაა კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც შანსს მხოლოდ მათ აძლევს, ვინც დიად ოცნებას შეეჭიდება. მისი ისტორია 1870 წლიდან იწყება და ვეტერანთა პროგრამითაა ცნობილი. სირაკუზას ვეტერანთა და სამხედრო ოჯახთა ინსტიტუტი (IVMF) პირველი ინტერდისციპლინური უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ სამხედრო ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარებაზეა ორიენტირებული.

Cal Poly San Luis Obispo, კალიფორნიის უნივერსიტეტი

„სწავლა კეთებით“, – ეს უნივერსიტეტის მთავარი ფილოსოფიაა, რომელიც სტუდენტებში პრაქტიკული უნარების გამომუშავებას ისახავს მიზნად. კურსდამთავრებულებს აღარ უჭირთ თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა.

SANDBOX – პროექტი გულისხმობს სტუდენტებისთვის საზიარო სამუშაო სივრცის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს ინფორმაციის გაცვლის, აღმოჩენის გაზიარების და სიახლეების სწავლა/სწავლების საშუალებას აძლევს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა მიმართულების მენტორი სტუდენტებისგან შედგება. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს არა მხოლოდ ლექციებზე ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება, არამედ ერთმანეთისგან სწავლა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად თუ პროგრამების შესაქმნელად ახალ თეორიებზე მუშაობაც შეუძლიათ.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი

პროექტი „შერეული რეალობა“ – პროექტის ფარგლებში იკვლევენ ტექნიკასა და ტექნოლოგიას. მათი მიზანი ადამიანისა და კომპიუტერის „ურთიერთობის“ გაუმჯობესებაა. ამჟამინდელი პრიორიტეტი კი განათლებისა და ტრენინგების სიმულაციური სისტემებია, რომლებიც მოიცავს როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ ელემენტებს.

ობერლინის კოლეჯი

ესაა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც აფრიკელ ამერიკელებსა და ქალებს კარი გაუღო. უნივერსიტეტი ცნობილია კრეატიულობით და როგორც ისტორიკოსი ჯეფრი ბლოდგეტი მას მოიხსენებს, „ჯიუტი მორალური იდეალიზმით“.

პროექტი „ობერლინი“ – მისი მისია გარემოზე ზრუნვა და „სტაბილური , აყვავებული და მდგრადი საზოგადოების შექმნაა“ რასაც კოლეჯისა და მთლიანად ქალაქის განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის გზით ახორციელებს.

FULL SAIL-ის უნივერსიტეტი

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა – ინოვაცია და მეწარმეობა – სტუდენტები პრაქტიკულ დავალებებს იღებენ და რეალურ პროექტებზე მუშაობენ, რათა სწრაფად ცვლადი და გლობალური ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან. ამით ისინი ცოდნის ინოვაციურად და პრაქტიკულად გამოყენების გზებს სწავლობენ.

ბაბსონის კოლეჯი

პროგრამა „სამეწარმეო აზროვნება და მოქმედება“ – ბაბსონის ამ პროგრამის მეთოდოლოგიას ბიზნეს სექტორში დიდ პატივს სცემენ. ის 25 წელია, რაც მეწარმეობაში ლიდერობას ინარჩუნებს. დევიზით „მოქმედება, სწავლა, შექმნა“ სტუდენტები მიზნებს ცდების ჩატარებითა და კრეატიულობით აღწევენ, რაშიც ბიზნესის საფუძვლების სიღრმისეულად შესწავლა და ეკონომიკური და სოციალური ღირებულებების შექმნის იდეალური მიდგომა – სრულყოფილი ანალიზი ეხმარებათ.

ინდიანას ტექნოლოგიური კოლეჯი

ინოვაციის დღე – ინოვაციის დღე გასულ წელს დაარსდა. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ იდეებს აცნობენ, შეხედულებებს უზიარებენ და ბოლოს არჩევენ განსაკუთრებულ იდეას, რომელსაც სრულყოფენ და განახორციელებენ.

სტენფორდის უნივერსიტეტი

სტენფორდის ინტერდისციფლინირებული პროგრამა – „თანამშრომლობა ცხოვრების გზაა“, – ამ დევიზით პროგრამის წევრები ეძებენ ინოვაციურ შაბლონებს და ახორციელებენ კვლევით პროექტებს, რომლებიც ტრადიციულ საზღვრებს სცდება. სკოლის ნიშა პროგრამის სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრების მჭიდრო თანამშრომლობაა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი

სოციალური ინოვაციების ლაბორატორია – ლაბორატორია მხარს უჭერს არამომგებიანი, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლო ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და ამ მისიაზე ორიენტირებული კამპანიების წარმართვას. ლაბორატორია ღიაა სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის პერსონალისთვის და მზადაა სოციალური მეწარმეების დაფინანსებისთვის.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: medium.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური