GE

როგორია სტუდენტური ცხოვრება და სერვისები გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში?

აბიტურიენტებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი რომელ უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის გაგრძელება, კიდევ აქვთ მცირეოდენი დრო დაათვალიერონ ესა თუ ის უნივერსიტეტი, გაეცნონ სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებსა თუ პროექტებს. საინტერესოა, რა ელოდებათ წინ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევანს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთებენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასწავლო პროცესის გარდა, სხვადასხვა აქტივობაში ჩასართავად გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ადმინისტრაციისგან სრული მხარდაჭერა აქვთ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ხელს უწყობს თითოეული სტუდენტის განვითარებას თავისი ნიჭისა და ინტერესის შესაბამისად. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტს ჰყავს ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი და სტუდენტური თეატრი. ფუნქციონირებს ვოკალური, ქორეოგრაფიული და გიტარის წრე. შექმნილია მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. ტარდება ინტელექტუალური თამაშები. დილის ათი საათიდან საღამოს 7 საათამდე კი სტუდენტებს ბიბლიოთეკა ემსახურება. მოწყობილია კომპიუტერების სივრცე.

,,უნივერსიტეტში არის ისეთი გარემოს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანია“, – გვითხრა უნივერსიტეტის კარიერული განვითარების, სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტმა იოსებ ენუქაშვილმა.

კულტურული წრეების გარდა გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი თავს სპორტული მიმართულებებითაც იწონებს. უნივერსიტეტს ჰყავს, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის და კრივის გუნდები. ამასთან ერთად, უნივერსიტეტში ტარდება მაგიდის თამაშების შიდა ტურნირები: შაში, ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში.

,,კულტურული აქტივიბების გარდა, უნივერსიტეტში გვაქვს სხვადასხვა სპორტული მიმართულებები, სადაც სტუდენტების ჩართულობა ძალიან მაღალია. ჩენ ყოველწლიურად და საკმაოდ წარმატებულად ვიღებთ მონაწილეობას სტუდენტურ ფესტივალში. ვატარებთ შიდა ტურნირებს და ვცდილობთ კიდევ უფრო ბევრი სტუდენტი დავაინტერესოთ სპორტული მიმართულებებით“,- გვითხრა იოსებ ენუქაშვილმა, რომელმაც პარალელურად სტუდენტური სერვისების შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტებისთვის შეთავაზებული სერვისები უნივერსიტეტის მხრიდან მრავალფეროვანია. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედებს სამკითხველო დარბაზი, ლიტერატურული კაფე, პოლონური და ფრანგული ენის კლუბები. უნივერსიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ ღია ლექციები არაფორმალურ გარემოში. უნივერსიტეტში დაფუძნებულია დებატების კლუბიც.

,,გორის უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისები ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს. სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ ლექციებზე და სემინარებზე სიარულს. იყო სტუდენტი ნიშნავს ჩაერთო კულტურულ, სპორტულ და გარე აქტივობებში, რომელის ნაკლებობას უნივერსიტეტი არ განიცდის. აქედან გამომდინარე სტუდენტი პიროვნულადაც გვიტარდება და გარკვეულ წილად ისინი არაფორმალურ განათლებასაც იღებენ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში იოსებ ენუქაშვილმა.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართულები არიან გარე აქტივობებში. წელიწადში ორჯერ ეწყობა ღია კარის დღეები, სადაც აბიტურიენტების ინფორმირებულობა უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებთან და სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით ხდება. სტუდენტები ხშირად აწყობენ ლაშქრობებს და ექსკურსიებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების სანახავად. ისინი გარემოზეც ზრუნავენ და წელიწადში რამდენჯერმე დასუფთავების აქციებსაც მართავენ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნება ახალი კლუბები, რომელიც ფოტოგრაფებს და მხატვრებს გააერთიანებს.

შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური ცხოვრება აქ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი თავი და ძალები სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადონ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური