რომელ საგნებში გაუმჯობესდა საქართველოს მოსწავლეთა შედეგები – TIMSS-ის უახლესი კვლევის შედეგები
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS-ის უახლესი შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს 2007-2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში (მე-4, მე-8 კლასები), ასევე ბუნებისმეტყველებაში (მე-8 კლასი; მე-4 კლასში შედეგები არ შეცვლილა).
გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ია კუტალაძის თქმით, ქართველმა მეოთხეკლასელებმა მათემატიკაში მიღწევები 2007 წელთან შედარებით 2015 წელს 13 ქულით გააუმჯობესეს, მერვეკლასელებმა კი 22 ქულით .
„2007 წელთან შედარებით ბუნებისმეტყველებაში მერვეკლასელებმა შედეგი 23 ქულით გააუმჯობესეს. შედეგი არსებითად არ შეცვლილა მეოთხეკლასელებთან ბუნებიმეტყველებაში (ბუნება)“, – აღნიშნა ია კუტალაძემ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება. მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია).
„გაუმჯობესების ტენდენციის მიუხედავად, ქართველი მოსწავლეების მიღწევები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, როგორც აღვნიშნე, მერვეკლასელებმა მათემატიკაში შედეგი გააუმჯობესეს 22 ქულით: 2007 წელს მერვეკლასელებმა საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე (500) 69 ქულით დაბალი შედეგი აჩვენეს, ამჟამად, სხვაობა 47 ქულამდე შემცირდა. ზოგადად, მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესები ტენდენცია სასიხარულოა, მაგრამ ამ მიმართულებით, ალბათ, კიდევ ბევრია სამუშაო“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
თუ რა გავლენას ახდენს მსგავსი კვლევების ჩატარება სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე, ია კუტალაძე EDU.ARIS.GE–ს ასე პასუხობს:
„ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის მონიტორინგისა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისღებად. კვლევები ნათლად წარმოაჩენენ სასკოლო განათლებაში არსებულ ვითარებასა და საჭიროებებს, შესაბამისად, პოლიტიკის განმსაზღვრელებს საშულება ეძლევათ, უაპსუხონ ამ საჭიროებებს ქმედითი ღონისძიებებითა დ რელევანტური პროექტებით“.
საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციისა და ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გენდერული ნიშნით მოსწავლეთა მიღწევებს შორის სხვაობა მცირდება, ასევე, მონაწილე ქვეყნებში სასკოლო გარემო უფრო უსაფრთხო ხდება.
„სახეზეა პოზიტიური ტენდენცია, რომ განათლების ხარისხი უმჯობესდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა ქვეყანამ გააუმჯობესა შედეგი, ზოგიერთმა ამ სხვაობის შემცირება შეძლო,“ – აღნიშნა ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა აინა მულისმა.
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS-ის შედეგებზე განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, დეტალური ანალიზის გაკეთება მას შემდეგ შეიძლება, რაც გამოჩნდება, შეიცვალა თუ არა სოფლების, ქალაქების, საჯარო და კერძო სკოლების მაჩვენებლები. მანამდე კი მკვლევარი ორ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ორი რაღაც შეიძლება გამოიყოს ამ კვლევიდან. პირველ რიგში, ეს შედეგები კარგად აჩვენებს იმას, რომ რეიტინგებზე ყურადღების მიქცევას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის ქვეყნები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შედეგები აქვთ წინა კვლევებში, ახლანდელ რეიტინგში ქვევით ჩამოვიდნენ. მაგალითად, ფინეთი სულაც არ არის ამ კვლევებში პირველ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს ქვეყანა ბევრ ინოვაციურ მიდგომას ნერგავს განათლების სფეროში. მას მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ მაღალი შედგები აქვს, საშუალოდ, ყველა კველვაში.
მეორე რასაც ვუყურებთ, საქართველოს შედეგები ნელ-ნელა უმჯობესდება მათემატიკაში. ბუნებისმეტყველებაში არის განსხვავება მეოთხე და მერვე კლასებს შორის. მერვეში არის გაუმჯობესება. ქულებს შორის იმდენად უმნიშვნელო განსხვავებაა, რომ მაინცდამაინც დიდ პროგრესს არ აჩვენებს. ეს ქულები საერთაშორისო საშუალოზე ძალიან ნაკლებია ყველა კლასში, მაგრამ ესეც ძალიან პირობითია.
დეტალური ანალიზისას უფრო გამოჩნდება ყველაფერი. წინა კვლევებში ასე იყო, რომ საქართველოს ქალაქებში საერთაშორისო საშუალოზე უფრო მაღალი შედეგები გვქონდა და სოფლებში და დაბებში მნიშვნელოვნად დაბალი. ამას უნდა მიექცეს ყურადღება. სადაც პრობლემებია, იქ განსხვავებული და განსაკუთრებული პროგრამები უნდა განხორციელდეს სკოლის მხარდაჭერისთვის. მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და რესურსების გაუმჯობესების თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE– ს სიმონ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ის კვლევა უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.
საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში. 2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრში აცხადებენ, TIMSS 2015-ის ნაციონალური ანგარიშის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.
„ჩვენთვის ბაზა რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. რაც შეეხება ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სწავლის მიღწევებზე, მალე ხელმისაწვდომი იქნება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალური ანალიზის გაკეთებას იწყებს. დაახლოებით, 2-3 თვეში გამოვაქვეყნებთ ნაციონალურ ანგარიშს, სადაც საქართველოს შედეგები ძალიან დეტალურად იქნება მოცემული. ცენტრი გაზაფხულზე გეგემავს ნაციონალური კონფერენციის ორგანიზებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საერთაშორიოსო (TIMSS, PISA) და სახელმწიფო შეაფსების შედეგები“, – განაცხადა ია კუტალაძემ.
რატომ არის წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალი?
TIMSS – ქართველი მოსწავლეების შემაშფოთებელი შედეგები
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება