GE

რომელ საიტებზე შეუძლიათ მაღალკლასელებს საატესტატო გამოცდებისთვის ვარჯიში და სანდოა თუ არა ისინი?

2017-2018 სასწავლო წლისთვის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით უნდა ჩატარდეს. კერძოდ კი, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებისათვის უკვე გამოქვეყნდა საგამოცდო პროგრამები, თუმცა ჯერ უცნობია გამოსაშვები გამოცდების განრიგი. შესაბამის ინფორმაციას  განათლების სამინისტრო მინისტრის ბრძანების გამოცემის შემდეგ აქვეყნებს.

მაღალკლასელებს საკუთარი ცოდნის შემოწმება გასული წლების ტესტური დავალებების ნიმუშებით შეუძლიათ, თუმცა როგორც ისინი EDU.ARIS.GE-ს წერენ, არსებობს არაერთი საიტი, სადაც ასევე განთავსებულია ტესტები და მათი ონლაინ რეჟიმში შევსების შემდეგ იგებენ, გასცეს თუ არა კონკრეტულ კითხვას სწორი პასუხი. მოსწავლეთა კითხვები ხშირად უკავშირდება საიტების სანდოობის საკითხსაც.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ამ გვერდებზე გავრცელებული ტესტების სისწორე სხვადასხვა ფორმით მოწმდება, თუმცა ამაში არ მონაწილეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც ქმნის მაღალკლასელებისთვის ტესტების ბაზას სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

www.online.exam.ge – მაღალკლასელებში ერთ–ერთი გავრცელებული საიტია. როგორც მისი დამფუძნებელი, სანდრო კახაძე გვიყვება, მან ონლაინ ტესტების საიტის შექმნა 5 წლის წინ, სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, როცა თავადაც ჩააბარა ელექტრონული ფორმით საატესტატო გამოცდები.

„საიტი უკვე 5 წელია არსებობს, მისი შექმნის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც 5 წლის წინ არ ჰქონდათ. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და მე პირველს მომიწია ელექტრონულად ე.წ. კატის გამოცდების ჩაბარება.

„შევხედე რომ გასაჭირი იყო, არ იცოდნენ როგორ მომზადებულიყვნენ გამოცდისთვის, ზოგსაც საშუალება არ ჰქონდა მასწავლებელთან მომზადების და ჩავთვალე, რომ ონლაინ ტესტებში ყველას ექნებოდა შესაძლებლობა მომზადებულიყო და გამოცდაზე უფრო თავდაჯერებული მისულიყო.

„ამ საიტზე მოსწავლე იგებს, როგორც კონკრეტული კითხვების სწორ პასუხს, ასევე იმას, გადალახა თუ არა ბარიერი. რაც შეეხება ტესტების წარმომავლობას, ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვთანამანშრომლობთ მასწავლებლებთან, რეპეტიტორებთან, ისინი გვაწვდიდნენ, მაგრამ აქედან ყველა ტესტი არ გადიოდა. მაგალითად, ერთი ტესტი თუ მოგვცა მასწავლებელმა გეოგრაფიაში ის გადამოწმებას გადიოდა სხვა რამდენიმე მასწავლებელთან. როდესაც 5 ადამიანი იტყოდა ერთ ტესტზე რომ სწორი იყო ის მიიჩნეოდა სწორად.

„ასევე, მასწავლებლების მიერ მოწოდებული ტესტები გადიოდა  გადამოწმებას, სტატისტიკურად მოწმდებოდა – სირთულის მიხედვით, რომლის სირთულე იყო შესაბამისი საატესტატო ზღვართან და ბალანსდებოდა ამის მიხედვით. მაგალითისთვის რომ გითხრათ, ამ შემოწმების შემდეგ 20 ტესტიდან შეიძლება გასულიყო 3-4 ტესტი. გადამოწმებას თავად ჩვენ ვახორციელებდით, ვუყურებდით სტატისტიკურად, ეს პლატფორმა გვაძლევს იმის საშუალებას რომ სირთლის სტატისტიკას ვუყუროთ, რამდენი ჩაიჭრა, რამდენი არასწორად სცემდა პასუხს. გამოცდების ცენტრთან ამ მიმართულებით არ ვთანამშრომლობთ.

„ტესტები, შეძლებისდაგვარად, ყოველწლიურად ახლდება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვებ-გვერდი სანდოა“, – აღნიშნა სანდრომ.

www. murtsku.com  – კიდევ ერთი გავრცელებული ვებ-გვერდია, რომელსაც მაღალკლასელები აქტიურად იყენებენ. მისმა დამფუძნებელმა საიტი მე–12 კლასში შექმნა და ისიც ამბობს, რომ ტესტები სანდოა, თუმცა განთავსებამდე მათი შემოწმება არ ხდება.

„საიტი 2 წელზე მეტია რაც შეიქიმნა, ძირითადად ვფარავთ საატესტატო გამოცდებს და მცირედით მისაღებ გამოცდებს. დღეს უკვე მეორე კურსზე ვარ, საიტი კი მე-12 კლასში ყოფნისას შევქმენი.

„რაც შეეხება ტესტებს, მას ჩვენი გუნდის წევრები გვაწვდიან, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები შედიან, ძირითადად რეპეტიტორები.  გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ტესტების გადამოწმების მიზნით შეხება არ გვაქვს. ტესტების სისწორის გადამოწმებას საჩივრების საშუალებით ვახერხებთ. მომხმარებელს საჩივრის შემოტანის უფლებას აქვს, რომელ საჩივარსაც თითოეული საგნის ადმინი გადახედავს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ტესტები სანდოა, მაგრამ დაზეპირება არ არის კარგი. თუ მოსწავლე გაიაზრებს, შედეგსაც დადებს“, – გვითხრა murtsku-ს შემქმნელმა თემურ მიქავამ.

ამავე თემაზე:

საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშები წლების მიხედვით

საგამოცდო პროგრამები წლებისა და საგნების მიხედვით

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური