GE

რომელი მაგისტრანტი მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – საბუთების წარდგენის ვადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019-2020 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა განისაზღვრარისთვისაც გამოყოფილია 205 000 ლარი.

რა ოდენობის დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა  და ვის ენიჭება ეს უფლება?

  1. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.
  2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;

ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

გ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ე) 137 500 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების პრინციპი

  1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
  2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.
  3. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.

რამდენიმე კატეგორიაში შემავალი მაგისტრანტები

მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

დარჩენილი თანხის გადანაწილება     

  1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში დარჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
  2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, განაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (რაც მოგვანებით გახდება ცნობილი).

მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური