GE

რომელ სპეციალობებსა და უნივერსიტეტებზე გაიზარდა მოთხოვნა 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა ყველაზე მეტი განაცხადი სამართალმცოდნეობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ფაკულტეტებს, მაია მიმინოშვილის თქმით, ინტერესი გამოკვეთილია ქართული ფილოლოგიის, ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართ.

”ნამდვილად იკვეთება ინტერესი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ბიზნესის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ უფასო ფაკულტეტებს, ნამდვილად, ამ მიმართულებითაც სერიოზული ინტერესია აბიტურიენტების მხრიდან. გამოკვეთილია ისტორია, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია. აშკარად გამოიკვეთა სამშენებლო მიმართულება. სერიოზული კონკურსია ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რაც ჩემი აზრით, ძალიან კარგია. გამოიკვეთა სერიოზული ინტერესი არაქართულენოვანი აბიტურიენტების მხრიდან ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა. მაგალითად, ახალციხის უნივერსიტეტში გაცილებით უფრო დიდია კონკურსი, ვიდრე აქამდე იყო”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სასწავლებლებს შორის ლიდერობს ჯავახიშვილისა და ილიას უნივეტსიტეტები, ასევე დიდია ინტერესი სამხატვრო აკადემიისა და სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. მიმდინარეობს სააპელაციო განაცხადების დამუშავება, ხოლო საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

2017 წლის აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

2016 წლის ტოპ-5 ფაკულტეტი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური