GE

რომელი სტუდენტები მიიღებენ გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ვადები და პროცედურები

2018-2019 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის N463 დადგენილებით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი გამოყოფილია იმ სტუდენტების დაფინანსებისთვის, რომლებიც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიას:

ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

  • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები) – 41 სტუდენტი;
  • გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) – 2 სტუდენტი;
  • იმერეთის რეგიონში (ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტები) – 12 სტუდენტი;
  • კახეთის რეგიონში (ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) -19 სტუდენტი (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 15 სტუდენტი);
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) – 14 სტუდენტი;
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები) – 15 სტუდენტი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) – 8 სტუდენტი;
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) – 79 სტუდენტი;
  • ქვემო ქართლის რეგიონში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტები) – 27 სტუდენტი;
  • შიდა ქართლის რეგიონში (გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) – 9 სტუდენტი;

ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
  • ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.

ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;

ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);

თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

ი) 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

კ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016 ან 2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, აქედან:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

ბ) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხით დაფინანსდებიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; ან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;
  • მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
  • ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.

რაც შეეხება მაგისტრებს, 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილია 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №461 დადგენილებით.

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 ან 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატე¬გორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;

ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორასორმოცდაათი) ლარი 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

გ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორასორმოცდაათი) ლარი 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ე) 137 500 (ასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

თუ აღნიშნული თანხა სრულად არ გაიცა ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებზე, დარჩენილი თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2017-2018 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური