GE

რომელი სტუდენტები თავისუფლდებიან რეზიდენტურის გამოცდის საფასურისგან – რა წერია კანონში

მთავრობის განკარგულებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, მიენიჭა უფლებამოსილება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და/ან სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური დააწესოს. ეს ინფორმაცია სამედიცინო უნივერსიტეტების კურსადმთავრებულებმა, მას შემდეგ გაიგეს, რაც გამოცდებზე უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ. აპლიკანტები დაწესებულ მოსაკრებელს აპროტესტებენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ.

გამოცდის საფასურის გადახდის წესი და პირობები უკვე გამოქვეყნებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულები არიან ვეტერანები და სოციალურად დაუცველი პირები.

„მაძიებელი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება. გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მაძიებლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი. 1) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური – 120 ლარი; 2) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური – 80 ლარი;“

შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები,” რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 2019 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელ უწოდებენ სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და აცხადებენ, რომ მათი უფლებები დაირღვა. შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება ჯერ უცნობია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრა დღეს უნდა შედგეს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური