GE

რომელი თამაშია პრიორიტეტული კონკრეტულ ასაკთან და როგორია მშობლის როლი – სია გათვლილია 1-დან 8 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის

მას შემდეგ რაც სკოლებისა და ბაღების დახურვის გამო ბავშვებს ყველაზე დიდი დროის გატარება სახლში უწევთ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა საკითხი, თუ როგორ გაატარონ მათ დრო მეტად სასარგებლოდ, რომ განვითარდნენ და ახალი უნარები შეიმეცნონ. ფსიქოლოგები უამრავ რჩევას სთავაზობენ მშობლებს ამ რთული პერიოდის ნაკლებად მტკივნეულად გადასატანად.

ფსიქოლოები განსაკუთრებით გამოყოფენ თამაშს, რადგან ბავშვები ნებისმიერ ახალ ინფორმაციას სამყაროს შესახებ იგებენ სწორედ თამაშის მეშვეობით. სხვადსხვა ასაკაში მათ განსახვავებული გამოცდილება სჭირდებათ თამაშის სახით.

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი საუბრობს რომელ ასაკში, რა ტიპის თამაშით უნდა დაკავდნენ ბავშვები და ხაზს უსვამს მშობლების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში.

მარიამ ხვადაგიანი: 1-წლამდე ბავშვებში მშობლები კომუნიკაციაში ძალაუნებურად შედიან ღიმილით, ხმის ინტონაციით და ეს თამაშის სახეს იღებს. ასევე აძლევენ ფერად სათამაშოებს, რბილ სათამაშოებს, აძლევენ საშუალებას პირში ჩაიდოს სათამაშო და ასე შეიმეცნოს გარე სამყარო.

1-წლიდან 2-წლამდე ბავშვებისთვის უკვე მნიშვნელოვანია სხვა ტიპის აქტივობები. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ სიარულს და ძალიან უყვართ ბურთით თამაში, ბურთთან ერთად შემოდის კუბიკები, ასაწყობი პირამიდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ეტაპზე მშობელი გვერდით ჰყავდეს ბავშვს და ითამაშოს მასთან ერთად. ამ ასაკში მარტივ ფუნქციურ თამაშებსაც თამაშობენ ბავშვები, შემოდის მარტივი „ვითომ-ვითომ“ თამაში.

2-წლიდან 3-წლამდე პერიოდში ეს თამაშები კიდევ უფრო რთულდება, შესაბამისად, მშობლების მეტი ჩართულობა არის საჭირო. ჩართულობაში იგულისხმება, რომ ისინიც თითქოს პატარა ბავშვები არიან, იწყებენ მათთან ერთად თამაშს, პლასტელინებით ძერწვას, შემოდის ხატვა, ისინი ერთობლივად იწყებენ ასე ვთქვათ ნამუშევრების შექმნას. რა თქმა უნდა, ამ ასაკში არ არის აუცილებელი და მშობელი არ აკეთებს აქცენტს, რომ ბავშვმა სწორად გააკეთოს კოპირება.

3 წლის ზემოთ ბავშვები უფრო მეტად ერთვებიან ერთობლივ თამაშებში. ბაღშიც რომ დავაკვირდეთ, სამ წლამდე ბავშვები შეიძლება ერთ სივრცეში იყვნენ და ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ეს უფრო პარალელური თამაშია და ერთმანეთის გათვალისწინება ნაკლებად ხდება. სამი წლის ზემოთ ბავშვები ჯგუფურ თამაშებში ერთვებიან, უფრო მეტად იქმნება სიუჟეტები, ნაწილდება როლები.

4-წლიდან 6-წლამდე უფრო კოგნიტური თამაშებიც შემოდის. როდესაც ბავშვებს აინტერესებთ სხვადასხვა ახალი ინფორმაცია, მათ აინტერესებთ სიუჟეტი, რომელიც წიგნიდან უნდა ამოვიკითხოთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბავშვის წიგნთან ურთიერთობა დაბადებიდან იწყება და 8 თვის ბავშვთანაც შეიძლება წავიკითხოთ, სიუჟეტი შევთავაზოთ და ეს წიგნი იყოს სხვადასხვა ტექსტური, სხვადასხვა ფერის, რითაც ბავშვი ასევე ისიამოვნებს.

6 წლის ბავშვი, როდესაც სკოლაში მიდის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლები, შესაბამისად მისთვის ძალაინ მნიშვნელოვანია ის თამაშები, რომელიც კლასში მის თანატოლებთან აქტუალურია. ბავშვები იწყებენ ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობას, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური თამაშები, როგორც არის მაგალითად, დაჭერობანა, დამალობანა და ა.შ.

8 წლის ასაკში უფრო შემოდის სამაგიდო თამაშები, არსებობს თამაშები, რომლებიც მთელმა ოჯახმა შეიძლება ითამაშოს ან ორმა-სამმა ადამიანმა. ამ ეტაპისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი თამაშები, როგორიცაა ჭადრაკი, შეიძლბა ბავშვმა თქვენთან ერთად ითამაშოს ქალაქობანა. ასეთი უამრავი თამაში არსებობს.

ნეიროფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან თამაშისას მშობლის ჩართულობა, ემოციური გახსნილობაა და ნაკლებად მნივნელოვანია სათამაშოების რაოდენობა.

„მთავარი, ნებისმიერი მშობლისთვის არის ის, რომ ბავშვთან თამაშის დროს ის იყოს ემოციურად ჩართული თამაშის პროცესში, თუ ეს ასე, არაა ბავშვი გრძნობს და ისიც ნაკლებად ერთვება თამაშში. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლებთან გატარებული დრო და ის ემოცია, რომელსაც ის განიცდის მშობლებთან თამაშის დროს. შესაბამისად არ არის აუცილებელი ბავშვს ჰქონდეს ყველა სათამაშო. ერთი ან ორი სათამაშოთიც შეიძლება ბავშვმა და მშობელმა ძალიან ხანგრძლივად ითამაშონ. თამაში მშობლისთვისაც უნდა იყოს ისეთივე სიამოვნება, როგორც ბავშვისთვის. თამაშით ასევე მშობელმა შეიძლება მიიღოს ძალიან ბევრი ინფორმაცია ბავშვის შესახებ, რასაც შეიძლება ისე არ ამბობდეს – რა სტკივა, რა ეწყინა, როგორ უმკლავდება სტრესულ სიტუაციას. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ასაკში ბავშვთან თამაში არის ძალიან სასარგებლო“, – აცხადებს მარიამ ხვადაგიანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური