GE

რომელი უნივერსიტეტებში მოხვდნენ 2017 წლის ყველაზე მეტი გრანტიანი მაგისტრანტები

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა უკვე გაიგეს, მიიღეს თუ არა გრანტი. სახელმწიფო დაფინანსებით წელს 1000-მდე მაგისტრანტი ისწავლის.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე გასულთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ წელს არ ყოფილა. მისი თქმით, წელს  14- ათასამდე აპლიკანტმა გამოთქვა ერთიან სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის სურვილი. გამოცდაზე, დაახლოებით, 12-ათასამდე გავიდა, აქედან 10-ათასამდე  აპლიკანტმა გააგრძელა კონკურსში მონაწილეობა, ხოლო 2-ათასამდე აპლიკანტმა ვერ გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

რაც შეეხება გრანტის გაცემას, მინდაძის თქმით, სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა ქულით ხდება. 12 მიმართულებას სხვადასხვა საკონკურსო ქულა აქვს გრანტის გაცემისთვის.

რომელ უნივერსიტეტში მოხვდა ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი და  რომელ ფაკულტეტებზე გაიცა ყველაზე მეტი დაფინასება, ამის შესახებ ჩვენს კითხვებს ივა მინდაძემ უპასუხა.

რომელი უნივერსიტეტები ლიდერობენ გრანტიანი სტუდენტების რიცხვით?

-ამის თქმა ზუსტად გამიჭირდება. ყველა უნივერსიტეტში არის გრანტიანი აპლიკანტი, ალბათ. ძირითადი უნივერსიტეტები, რომლებიც გრანტს იღებენ არის თსუ, სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აი, ეს უნივერსიტეტები ლიდერობენ ძირითადად გრანტის მოპოვების მხრივ. ანუ ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი ამ უნივერსიტეტებში მოხვდნენ.

რომელი ფაკულტეტის მაგისტრანტებზე  გაიცა ყველაზე მეტი დაფინანსება?

-გრანტისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება 12 მიმართულებაზე. ყველა მიმართულებაზე სხვადასხვა რაოდენობის საგრანტო თანხაა გამოყოფილი. მაგალითად, ყველაზე ცოტა რაოდენობის სტუდენტი ფინანსდება ხელოვნების მიმართულებაზე. საინჟინრო მიმართულებაზეა გამოყოფილი ყველაზე მეტი თანხა სამაგისტრო გრანტის დაფინანსებისთვის. შესაბამისად, საინჟინრო მიმართულებაზე ყველაზე მეტი გრანტიანი სტუდენტი სწავლობს.

საინჟინრო მიმართულებაზე 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო გრანტი, ხოლო ხელოვნების მიმართულებაზე, დაახლოებით, 30-40-მა მაგისტრანტმა. ამოსავალი წერტილია, რამდენია გამოყოფილია ამა თუ იმ ფაკულტეტისთვის. საინჟინროზე მეტია გამოყოფილი, ვიდრე ხელოვნებაზე, ამიტომ იქ მეტი სტუდენტი დაფინანსდა. საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე მეტია გამოყოფილი და იქაც 100-ზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა გრანტი. სოციალური მეცნიერებების, საინჟინრო მიმართულებების, განათლებაზე, ჰუმანიტარულზე შედარებით მეტი გრანტია გამოყოფილი. აგრარულზე, ჯანდაცვასა და ხელოვნებაზე შედარებით ცოტა.

EDU.ARIS.GE-ს აპლიკანტმა მომართა კითხვით, რომ მის ქულაზე დაბალი ქულით აქვს სხვა აპლიკანტებს გრანტი მოპოვებული. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და შეუძლიათ თუა რა ასეთ აპლიკანტებს შედეგის გასაჩივრება? მაგისტრანტმა ჩააბარა საინჟინრო მიმართულებაზე, საგრანტო ქულა აქვს 110 943 და არ არის გრანტიან სტუდენტთა სიაში, მაშინ როდესაც იგივე მიმართულებაზე დაფინანსებულების მინიმალური საგრანტო ქულა იწყება 99 591 დან.

-კარგი იქნება, მოგვწეროს, რომ არ ვიმარჩიელოთ, რა მოხდა და როგორ და ინდივიდუალურად შევისწავლით მის საკითხს. რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. თუ იქამდე მიღებული აქვს ამ პიროვნებას სამაგისტრო გრანტი, მეორეჯერ ვერ მიიღებს. შეიძლება არააკრედიტებულ სასწავლებელში ჩააბარა, რომელსაც არ აქვს გრანტის მიღების უფლება. ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. თუ არ ვიცით, ეს ინფორმაცია, რომელ უმაღლესში ჩააბარა, ჰქონდა თუ არა მანამდე ამ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი, ისე ძნელია განსაზღვრო, რა მოხდა.

ანუ, სხვა რაიმე ტექნიკურ მიზეზს გამორიცხავთ?

-არაფერს, ცხადია, არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ტექნიკურ მიზეზს პირველ ეტაპზე გამოვრიცხავდი. რადგან ის შეეხებოდა ერთს და არა ბევრ ადამიანს. ამიტომ მგონია, რომ აქ უფრო კერძო შემთხვევა იქნება. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. განცხადებით უნდა მოგვმართოს და ინდივიდუალურად განვიხილავთ მის შემთხვევას.

არის თუ არა ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე დაგეგმილი შინაარსობრივი ან ტექნიკური სიახლის შეტანა, ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ამბობს, რომ გამოცდაზე ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე იყო და მაგისტრობის მსურველები ტესტებს ისევ იმ ფორმით დაწერენ, როგორც ადრე.

შეეძლებათ თუ არა მაგისტრობის მსურველებს გამოცდაზე საკუთარი კალმებით მისვლა, როგორც ეს აბიტურიენტების შემთხვევაში იგეგმება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველაფერი საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური