GE

რომელმა აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ ატესტატის ქსეროასლი გამოცდების ეროვნულ ცენტრში

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, გამოცდების ეროვნულ ცენტრში სკოლის ატესტატის ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული საბუთის ასლების წარდგენა ევალება.

“ატესტატი უნდა წარმოადგინოს იმ აპლიკანტმა, რომელსაც სკოლა დამთავრებული აქვს 2011 წლამდე. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2011 წლიდან ვატარებთ და შესაბამისად  ვფლობთ ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, ვინც 2011 წლიდან მიიღოო ატესტატი. ასევე, ისინი, ვისაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი აღებული აქვთ უცხოეთში, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტების ქსეროასლები. ასლების წარდგენა 20-ივნისამდე უნდა მოხდეს”, – აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ გადაცემაში ,,გამოცდებიდან – გამოცდებამდე“.

ასევე 2018 წლის 20 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ განათლების აღიარების
დოკუმენტი:

  • აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ
    ტერიტორიაზე მიიღეს.
  • აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული
    საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის
    შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც
    გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და
    იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას).
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
    მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას
    გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 2018 წლის 20 ივნისამდე სსიპ –
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის
    დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
  • ხოლო აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 20 აგვისტომდე;

მაია გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს აპლიკანტები არ წარმოადგენენ ზემოთ მითითებლ საბუთებს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჩარიცხვებში, თუმცა გამოცდაზე გასვლის  უფლება ექნებათ.

ამავე თემაზე:

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური