GE

რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის რექტორი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიის დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის რექტორს, ბრიგადის გენერალს გიტა ბარსანსა და რექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვასილ კარუტასუს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ვიზიტი სასწავლებლებს შორის პირველად განხორციელდა. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიას შორის.

რუმინეთის დელეგაციის ვიზიტი 21 სექტემბერს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური