GE

რუსთავი, გორი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი – სკოლებში კოვიდის შემთხვევები მატულობს, რა პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, რუსთავის 14 სკოლაში 39 სხვადასხვა კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს 12 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.

კორონავირუსი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში დაფიქსირდა რუსთავის N1, 2, 4 ,5, 7, 9, 11, 15, 17, 20, 22, 23, 25, 26 სკოლებში.

როგორც ჩვენი კითხვის საფუძველზე ცენტრში განმარტეს, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის ვაქცინაციის სტატისტიკა არ აქვთ, რადგან ისინი დამოუკიდებლად იცრებიან.

კორონავირუსის შემთხვევები მატულობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს ერთი სკოლა დაიხურა გორის მუნიციპალიტეტშიც.

კერძოდ, დაიხურა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის პირელი საჯარო დაიხურა. როგორც  EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, დაწესებულებაში 4 კლასის დაუდგენელი რაოდენობის მოსწავლეები არიან ინფიცირებულები. კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა გორის პირველ საჯარო სკოლაშიც, აქ ვირუსით 4 მოსწავლეა ინფიცირებული, შესაბამისად ამავე რაოდენობის კლასს სწავლის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში უწევს. გორის მუნიციპალიტეტში სულ 10 სკოლის 11 ცალკეული კლასის მოსწავლეები არიან ინფიცირებულები.

სამცხე-ჯავახეთის მხარის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის 10 სკოლასა და 3 ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. როგორც “სამხრეთის კარიბჭე” წერს, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სამცხე–ჯავახეთში მდებარე  ექვსი სკოლა და სამი ბაღი დაიკეტა. ოთხ სკოლაში კი, დისტანციურად ცალკეული კლასები ისწავლიან.

ახალი შემთხვევებია ბაღებში აჭარის რეგიონშიც და ქუთაისშიც.

მომატებული შემთხვევებისა და დადებითობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ დღეს მთავრობის საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი პასუხებიდან გამოჩნდა, რომ მთავრობა სკოლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის დამატებითი რეგულაციების შემოღებას არ გეგმავს.

“სკოლებში რეგულაციები, ის, რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური და დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. ბაგა ბაღებშიც მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია. სკოლები გააგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას იმ რეჟიმში, რაც არის”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლები ერთი კვირის წინ, 4 ოქტომბერს გაიხსნა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 37 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური