GE

რუსთავის სკოლის 15 მოსწავლე მოიწამლა

რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში 15-მა მოსწავლემ საკვები პროდუქტით ინტოქსიკაცია მიიღო. მოსწავლეების მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ჭამა სახელდება.  “ინფო რუსთავთან” საუბარში მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ სტაციონარში გადაყვანა არც ერთ მოსწავლეს არ დასჭირდა.

მისივე ინფორმაციით, 3 მოზარდს ინტოქსიკაციის შედარებით მკაფიო სიმპტომები აღენიშნებოდა, დანარჩენები კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს. სკოლაში შეუძლოდ გამხდარ მოსწავლეებს შორის სხვადასხვა ასაკის მოზარდები არიან.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილიც იმყოფებოდნენ.

ბეგაშვილის თქმით, მოზარდებს ინტოქსიკაციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდათ, შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი თავი უკეთ იგრძნეს.

საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მოხდება სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საუბარი იყო თუ არა კაფეტერიაში შეძენილი საკვები პროდუქტი 15 ბავშვის ერთდროულად შეუძლოდ გახდომის მიზეზი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური