GE

სა-8-მარტო ტრადიცია ჩემს სკოლაში

ავტორი: თამარ კურატიშვილი

პირველი სა-8-მარტო საჩუქრისთვის მშობლებმა მასწავლებელს ოქროს ბეჭედი უყიდეს. მასწავლებელმა მშობლებს მკაცრად განუცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და მას შემდეგ ჩემს ოჯახში ფულის თემით აღარ შეწუხებულან. მიბრუნებული ბეჭდის ბედი, აღარ მახსენდება…

შევიცვალე სკოლა… ფონდის, ფარდის, შუშაჩამტვრეული ფანჯრის, ნავთის ფულიდან დაწყებული, – შეშის, ღუმლის, სალიარკიანი ნახერხისა და კლასის სარემონტო ფულით დამთავრებული, დამატებით ხარჯად დააწვა ჩემს მშობლებს.

დამრიგებელს, რამდენიმე სია ჰქონდა შედგენილი, რომელშიც მოსწავლეებს პლიუსებად და მინუსებად აღნიშნავდა ხოლმე. ყოველი გაკვეთილი ამ პლიუსებითა და მინუსებით იწყებოდა – ვის ფონდის ფული არ ჰქონდა მოტანილი, ვის შეშის… სიის ამოკითხვის შემდეგ, მინუსების გასაგონად, იკითხებოდა მორალი, რომ სირცხვილი იყო ორ-სამ ლარზე მასწავლებლის ასე გაწვალება. პლიუსები ნიშნის მოგებით უყურებდნენ მინუსებს, მით უმეტეს, რომ დამრიგებელი ხშირად აღნიშნავდა მათი ღირსეული მშობლების გვარიშვილობას, რაც დაბარებული თანხის დროულად გამოტანებაში გამოიხატებოდა.

თინეიჯერობის ასაკს მიტანებულებს, პროტესტი გაგვიჩნდა, რადგან მასწავლებლის რვეულის ფრიალი და მერხზე ხელის ბრახუნი სიტყვებით – „ ‘მინუსებო’, თქვენ უკვე სამი თვის ფონდის ფული გაქვთ მოსატანი, რას ფიქრობენ თქვენი დედები?! ავდგები და დირექტორს გადავცემ ყველა სიას” – სახალისოს ნაცვლად, უკვე დამამცირებლად ჟღერდა.

სა-8-მარტო საჩუქრისთვის მშობლები ფულის გროვებას თებერვლიდან იწყებდნენ. აქ უკვე, ხელმომჭირნეობა არ გამოდიოდა, რადგან მასწავლებელს საჩუქართან ერთად, იმ მშობელთა სიაც გადაეცემოდა, რომლებმაც ამ საჩუქრის შესაძენად „ფული დადეს”. ასე რომ, დამრიგებელმა ყოველთვის იცოდა, ვისი მშობელი არ ყიდულობდა მას საჩუქარს და წყენაც, მოსწავლესთან ურთიერთობაში უხეშობითა და სიმკაცრით გამოიხატებოდა ხოლმე.

ხშირად გავრეულვარ მშობლების ჯგროში და გამიგია, რას ლაპარაკობდნენ იმ თანაკლასელების დედებზე, რომლებმაც ბავშვს სა-8-მარტოდ ფული არ – არა, ვერ გამოატანეს. ხშირად, მომისმენია საყვედურებიც, რომელსაც ბავშვებს დედებთან აბარებდნენ. ისიც მახსოვს, თუკი, 8-მარტამდე მშობელი საჩუქრის ფულის სესხებას მეზობელ-ახლობლებისგან ვერ მოახერხებდა, ერთი კვირის დაგვიანებით მასწავლებელთან ბოდიშის მოსახდელად „ბამბანერკით” მოდიოდა.

დღეს, Facebook-ზე ვკითხულობ სტატუსს: – „ჩემი აზრით, კანონი უნდა არსებობდეს ისეთი, რომელიც მშობლებს აუკრძალავს სკოლაში ფულის დღესასწაულებზე შეგროვებას!. რა წესია ეს? რატომ ავალდებულებენ სხვას? თქვენ თუ გინდათ, მიუტანეთ ყვავილები და მიულოცეთ! მემგონი, უფრო ლამაზია, ვიდრე ფულების აგროვება და ჯიბეში ჩატენვა! ვისაც არ აქვს ის 20 თუ 30 ლარი, რა ქნას? იმას ხომ მოერიდება და ისესხებს, იმიტომ რომ კლასში არ თქვან – ამ ბავშვის დედა არ დებს არასდროსო?! როდის უნდა მორჩეს ეს?” – ვკითხულობ და ვხედავ, რომ 2-3 ლარი 20-30-ლარამდე გაზრდილა. სიებმა კი, პროგრესი საბანკო ანგარიშებამდე განიცადა:

– „მასწავლებელი, ალბათ, არ გაბედავს და ბევრი არც იკადრებს, თვითონ მოითხოვოს, მაგრამ მშობლები ძალიან არასწორად იქცევიან როცა ფულს უგროვებენ, ანგარიშზე ურიცხავენ, ყიდულობენ თეთრეულს, მაცივარს, ბეჭედს და ასე შემდეგ! მე თუ მინდა სახლს ვაჩუქებ მაგრამ შენ არ უნდა დაგავალდებულონ! იმ დედამ რა ქნას, თუ სამი შვილი ჰყავს და ხანდახან პურის ფული არ აქვს, ან თუნდაც, მარტოხელაა და ასე შემდეგ? მასწალებელს რომ კლასში 27 ბავში ჰყავს და თითო 20 ლარს ჩაურიცხავს, ეს ქრთამის აღებაა ჩემი გადმოსახედიდან”, – და, ჩემი გადმოსახედიდანაც.

გაექცევი ექსკურსიას, თეატრს, ქეიფს, – არ მინდა წამოსვლაო, იტყვი; მაგრამ 8 მარტს ვერსად გაურბის ვერც ბავშვი, ვერც მშობელი. არა და, უფროს კლასში ვიყავი, დამრიგებელმა გაზაფხულის დადგომამდე მშობელთა კრება მოიწვია და განაცხადა, – ახლა, ახალი მთავრობა გვყავს, ბატონო, ვარდებით მოვიდნენ, მაგრამ მასწავლებლებს ვარდების აღებას უკრძალავენ, ამიტომ, საჩუქრებით დიდად ნუღარ შეიწუხებთ თავსო. ისიც დაამატა, ვიცი, ზოგ-ზოგიერთებს გაუხარდებათო.

ვის გაუხარდა, ვის არა, არ ვიცი, მე მიხაროდა. რადგან ვერ ვიტანდი 8 მარტს. მალე, შემიყვარდა კიდეც, მას შემდეგ, რაც მასწავლებლებმა სა-8-მარტო „ბანბანერკების” კლასში გახსნა და მოსწავლეებისთვის დარიგება დაიწყეს. მიკვირდა, მათგან მსგავსი გარდატეხა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ სკამები „ბანბანერკებზე” მეტად სჭირდებოდათ.

წელს, მოახლოვდა 8 მარტი და Facebook მეგობრების სტატუსებიდან ვამჩნევ, – სკოლებში სა-8-მარტო საჩუქრების ტრადიცია არა თუ განახლებულა, პროგრესული ხასიათიც მიუღია. ისევ, მახსენდება თანაკლასელების დათრგუნული სახეები… წარმოვიდგენ იმ 10 000-ობით სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთაც მასწავლებლის ანგარიშზე ჩასარიცხი ფული არ აქვთ; წარმოვიდგენ ბავშვების რეაქციას, რომლებსაც დედები უკვე მერამდენედ ეუბნებიან, რომ სკოლაში დასადებ ფულს ვერ გაატანენ; და, – წარმოვიდგენ მასწავლებლის რეაქციას, რომელსაც მოსწავლე პასუხობს, რომ დედას ფული არ გამოუტანებია…

საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ მშობლებისთვის 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური