GE

სააპელაციო განაცხადების მიღება 2019 წლის აბიტურიენტებისთვის 7 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები

აბიტურიენტებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

  • აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ.
    საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
  • გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.

აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.

აბიტურიენტს, რომელიც  7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე
გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება აპლიკანტის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური