GE

საბავშვო ბაღების თანამშრომლები COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას გაივლიან

საბავშო ბაღების აღმზრდელები და თანამშრომლები, ორ კვირაში ერთხელ, COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას გაივლიან. ტესტირების პროცესი სკოლის პედაგოგების  შემთხვევაში არსებული წესების ანალოგიურად განხორციელდება.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღები საქმიანობას სრულად 1-ელ მარტს აღადგენენ. აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% სავალდებულო ტესტირებას გაივლის, ზუსტად ისევე, როგორც ეს ჩვენ გვაქვს სკოლების მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, რეგულაციების მოხსნის გეგმის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი.

COVID-19-ის შემთხვევების გამოსავლენად სკოლის პედაგოგთა სავალდებულო ტესტირება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციის გამოვლენის პროცენტი სკოლის პედაგოგებში ამ ეტაპზე მხოლოდ 0,3%-ია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური