GE

საბავშვო ბაღები გაიხსნა – რა ზომებია მიღებული ბავშვების უსაფრთხოებისთვის

დღეს, 4 ოქტომბერს, საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით განაახლეს. რეგულაციების მიხედვით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია შეადგინოს ბავშვთა მიღება-გაყვანის ინდივიდუალური გრაფიკები, უზრუნველყოს პერსონალის ეკიპირება. ამასთან, ბაღი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სადეზინფექციო ინვენტარით.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ასევე ითვალისწინებს თერმოსკრინინგს, საიზოლაციო ოთახების მზადყოფნას, უცხო პირთა შენობიდან დისტანცირებას, პროდუქტისა და ჭურჭლის რეცხვის წესებს, ინდივიდუალური მეთოდური მასალების გამოყენებას, სათამაშოების დასუფთავების წესებს და მეთოდური აქტივობების უსაფრთხოდ წარმართვას.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, აღსაზრდელთა მშობლებთან ბაღების ადმინისტრაცია საინფორმაციო შეხვედრებს დღეს მართავს. ჩვენ პირველი საჯარო ბაღის აღსაზრდელის მშობელს ვესაუბრეთ.

„დღეს პირველად ვიყავით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, დაგვათვალიერებინეს საძინებელი, სათამაშო სივრცე, სამზარეულო, საპირფარეშო… რაც ვნახეთ, ყველაფერი დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE -სთან მშობელმა ნათია ზედგენიძემ.

პამდემიის გამო გადადებული 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ განახლდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში ამჟამად, 188 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ასევე იხილეთ:

სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური