GE

საბავშვო ბაღების გახსნის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა – რას ფიქრობენ აღმზრდელები და მშობლები

1-ელ თებერვალს, ქვეყნის სამი დიდი ქალაქის (თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის) გარდა, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება. თუმცა შეზღუდვების არც მთლიანი და არც ნაწილობრივი მოხსნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებზე არ ვრცელდება. როგორც მთავრობის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ერთი თვის შემდეგ, 1-ელ მარტს შეძლებენ ფუნქციონიების აღდგენას, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გააჩენს.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ბაღის აღმზრდელებისა და მშობლების პოზიციები ბაღების გახსნასთან დაკავშირებით მაინც ორად იყოფა, თუმცა ყველას შესაბამისი არგუმენტები აქვს.

მ. ახობაძე თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღის აღმზრდელი-პედაგოგია, პანდემიის დაწყებიდან მალევე უსამსახუროდ დარჩა, მისი საქმიანობა ახლა მხოლოდ საათობრივად, ოჯახებში ბავშვების დატოვებით შემოიფრაგლება, როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, პანდემიამ იმდენად დააზარალა კერძო ბაღების სექტორი, ბევრი მათგანი ალბათ აღარც გაიხსნება, მათ შორის არც ის ბაღი, სადაც თავად მუშაობდა.

„ბაღი, სადაც წლებია აღმზრდელად ვმუშაობ, ალბათ არც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიხსნება, ძალიან რთულ დღეში ჩაგვაყენა პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა. თუმცა მე ვფიქრობ, მაგალითად კერძო ბაღების შემთხვევაში, სადაც შედარებით მცირე რაოდენობა სწავლობს ბავშვების, შეიძლებოდა კომპრომისის მოძიება და წესების დაცვით გახსნა და ფუნქციონირება. საჯარო ბაღების მასწავლებლებისგან განსხვავებით, ჩვენ მთლიანად შემოსავლის გარეშე დავრჩით. იმედი გვქონდა, რომ სექტემბრიდან მაინც რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ უკვე თებერვალია და რა გეგმა აქვს ჩვენს სექტორთან დაკავშირებით მთავრობას, კიდევ არ ვიცით“, – განაცხადა მ. ახობაძემ.

თბილისის 31-ე ბაგა ბაღის აღმზრდელი ეკა ყიფშიძე კი აცხადებს, რომ ბაღები რომც გაიხსნას შემოთავაზებული რეგულაციებით, აზრი არ ექნება, რადგან ჯგუფში, სადაც მაგალითად 40-მდე 3 წლის ბავშვი სწავლობს, თუნდაც დისტანციის დაცვა უკვე ძალიან გართულდება.

„იმ რეგულაციებით თუ დაიწყება რაც შემოგვთავაზეს, ნამდვილად არ მინდა. 3 წლის ბავშვს როგორ გავაგებინო, რომ ყველა აქტივობისას უნდა დაიცვას დისტანცია, თან, როცა ჯგუფში 39 ბავშვი მყავს. 20-იც რომ იყოს ეს ვერანაირად ვერ გაკონტროლდება, რაც შექმნის პრობლემებს. ყოველი დღის ბოლოს უნდა დამუშავდეს ყველაფერი სპეციალური ხსნარებით და ეს ვინ უნდა გააკეთოს ისიც არ იციან. ჩემთვის, პირველ რიგში ბავშვის და პერსონალის უსაფრთხოებაა მთავარი“, – განაცხადა ეკა ყიფშიძემ.

თეონა ფარცვანია, სამი წლის მართას დედაა, მართა წესით ბაღში უნდა დადიოდეს, მაგრამ პანდემიამ ხელი შეუშალა. როგორც თეონა ამბობს, გახსნის შემთხვევაშიც არ იცის, გაუშვებს თუ არა შვილს საბავშვო ბაღში.

„მართალია, ზაფხულში დავარეგისტრირე და მთელი ოჯახი ჩართული ვიყავით ამ პროცესში, მინდოდა რომ ევლო, როგორც ყველა ბავშვს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღემდე ასეთი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყანაში. მხოლოდ ერთი კვირით მოასწრო ბაღში სიარული და გახსნის შემთხვევაში არ ვიცი გავაგრძელებინებ თუ არა, ვფიქრობ, მაინც დავაკვირდები საერთო სურათს, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. ამასთან, ის წესები, რაც ბაღში უნდა დავიცვათ, მცირეწლოვნებისთვის საკმაოდ რთული შესასრულებელია“, – გვითხრა თეონა ფარცვანიამ.

ეკა უგრეხელიძე კი 5 წლის მათეს მშობელია, მისი აზრით, ბაღები უნდა გაიხსნას და მშობლებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ატარებენ თუ არა თავიანთ შვილებს.

„ძალიან ბევრ პოზიციას ვისმენ და ყველა თავისებურად მართალია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რახან სკოლა არ არის ბევრს ბაღი ნაკლებმნიშვნელოვნად მიაჩნია, რაც ჩემი აზრით, ასე არაა. ბავშვს ყველა ასაკში თავისებური გარემო სჭირდება განვითარებისთვის, სკოლამდელი აღზრდა ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა გაიხსნას ბაღები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს ატარებს თუ არა თავის შვილს“, – ამბობს მშობელი.

ქვეყნის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 1 -ლი მარტიდან სკოლების პარალელურად, იგეგმება საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების გახსნაც, თუმცა არ დაკონკრეტებულა, გახსნის შემთხვევაში, შეეხებათ თუ არა ბაღის აღმზრდელებსაც რეგულარული ტესტირება კორონავირუსზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური