GE

„საბავშვო ბაღებში კვების პრობლემის მოგვარება მერიამ ვერ შეძლო” – ოპოზიცია გვანცელაძის გადაყენებას ითხოვს

დედაქალაქის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მერიამ ბაგა-ბაღებში კვებისთვის განკუთვნილი დაფინანსება მილიონ 254 ათასი ლარით გაზარდა, თუმცა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ამიტომ ის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს. მერიაში კი კახაბერ გვანცელაძეს გაწეული სამუშაოებსთვის მადლობას უხდიან.

საკრებულოს ოპოზიციაში დამატებითი შტატის შექმნაზე საუბრობენ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მათი განმარტებით, ბაღების მართვის სააგენტომ შპს „მზიურისთვის,“ რომელიც საბავშვო ბაღებს ძველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დროებით პროდუქციით ამარაგებს, დამატებითი კადრები გამოყო. საქმე ეხება პირს, რომელიც საკვებ პროდუქციას დანიშნულების ადგილამდე მიიტანს, რისი საჭიროებაც წინა კომპანიის მუშაობის პირობებში არ იყო.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის  მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, დამატებითი თანხა, რომელიც კომპანიას გადაერიცხება, ახალი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და ბაღების საკვებით უზრუნველყოფასა და აღსაზრდელების კვებას მოხმარდება.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია “ნილი”, რომელიც ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა ბაღებში საკვების შეტანას ყველაზე დაბალი ფასით იყო გამარჯვებული. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ ათეულობით მილიონობით ლარის ეკონომია. ეს არის ძალიან დადებითი მხარე. კომპანია “ნილმა”, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვეღარ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოხდა. კონტრაქტის გაწყვეტა არის ძალიან ფორსმაჟორული, რთული მდგომარეობა, მითუმეტეს, როცა საუბარი არის ბავშვების კვებაზე. მოხდა მყისიერად, დროებით კვების უზრუნველყოფის საბავშვო ბაღების მიერ თავის თავზე აღება.

„ასევე, უფრო კოორდინირებული რომ ყოფილიყო მიწოდება მოხდა ერთი კომპანიის გარდამავალი პერიოდით-ერთი თვით შეყვანა. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა ბაღებზე, რომ არ მომხდარიყო ციკლის, პერიოდულობის და ხარისხის დარღვევა, რითაც უნდა ვკვებოთ ჩვენი აღსაზრდელები. შესაბამისად, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მთლიანად სააგენტოს კოლექტივს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც ევალება ბავშვების კვებით უზრუნველყოფა. ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი სწევენ განსაკუთრებულ ძალისხმევას და შესაბამისად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს დარღვევა“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ შეუწყვიტა, მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დასახელდა. მოგვიანებით ბაღების კვებით მომარაგებაში ახალი კომპანია „მზიური“ ჩაერთო. აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს გარდამავალ პერიოდში მოამარაგებს, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური