GE

„საბავშვო ბაღში მეზობლების ხელმოწერები მომთხოვეს!“ – სარეზერვო სიაში მოსახვედრად უპირატესობა კონკრეტულ უბანში რეგისტრირებულ პატარებს ენიჭებათ

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, აღსაზრდელების სარეზერვო სიაში მოსახვედრად უპირატესობა ბაღის მდებარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ უბანში რეგისტრირებულ პატარებს ენიჭებათ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი მეთოდი გასულ წელს შემოიღეს.

EDU.ARIS.GE – ს ერთ-ერთმა მშობელმა მიმართა, რომელსაც შვილის შეყვანა მე-12 ბაგა- ბაღში სურდა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ბაღის ხელმძღვანელობამ, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, მეზობლების ხელმოწერები მოსთხოვა. ხელმოწერების წარმოდგენის შემდეგ კი, ხელმომწერთა სიის ამხანაგობის თავმჯდომარისგან დამოწმებაც მოითხოვა.

„ასეთი რამ პირველად გავიგე, ბაღში მეზობლების ხელმოწერები მოეთხოვა ვინმეს. საინტერესოა, ბაღში ვინ, ან რომელი სამსახური ამოწმებს ამ ხელმოწერების ნამდვილობას და რამდენად მისაღებია სხვისი პირადი მონაცემების მოთხოვნა?! საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და სურვილი მქონდა ბავშვი საბავშვო ბაღში შემეყვანა. დარეგისტრირებულები გლდანის ერთ-ერთ ბაღში ვიყავით, მაგრამ აეროპორტის დასახლებიდან იქ ფიზიკურად ვერ ვატარებდი. როდესაც ამ ბაღში პირველად მივედი, მითხრეს დოკუმენტების ჩამონათვალი რაც მჭირდებოდა და ასევე განმიცხადეს, თუ მეზობლების ხელმოწერებს მივიტანდი, რომ ამ უბანში ვცხოვრობთ, უპირატესობა მოგვენიჭებოდა.

„ყველა დოკუმენტი შევაგროვე, რაც საჭიროა, მეზობლებსაც მოვაწერინეთ ხელი განცხადებაზე, დირექტორმა მითხრა, რადგან არ ხართ აქ ჩაწერილები (უბანი იგულისხმება, თორემ ბავშვი თბილისშია რეგისტრირებული) უპირატესობა არ გენიჭებათო. ამ ფორმით ხელმოწერების მოტანა ვის გაუგიაო, ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელიო, არადა თავიდან არ უთქვამს რა ფორმით უნდა მიმეტანა ეს ხელმოწერები. წავედი ისევ მეზობლებთან და იქ მითხრეს, რომ თავმჯდომარე არ გვყავსო.

„დირექტორმა რომ მითხრა უპირატესობა არ გაქვსო, ვუთხარი რომ არ მეჩქარება და შემიძლია ლოდინი, მაგრამ საბუთები რომ არ დაიტოვა, მანდ უკვე მივხვდი რომ არც უფიქრია ბავშვის მიღება. ჯერ აქ ჩაწერილებს დავარეგისტრირებ და თქვენ რეზერვში მეყოლებითო. რეზერვში როგორ ვეყოლები, როცა განცხადებაც და ყველა საბუთი სახლში გამატანა, ბოდიში და როგორ დამეკონტაქტება?!“ – ამბობს მშობელი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ადგილობრივი მაცხოვრებლების პრივილეგიების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ  ბაგა-ბაღების სააგენტოს ცხელ ხაზზე, თუმცა განმარტავენ, რომ დირექტორმა საბუთები მაინც უნდა დაიტოვოს და აუხსნას მშობელს, თუ მერამდენე იქნება მომლოდინეთა რიგში.

„თავმჯდომარე თუ მოაწერს ხელს რომ ნამდვილად იქ ცხოვრობთ, ან რეესტრიდან თუ მიუტანთ ამონაწერს, ეს პრივილეგიას განიჭებთ, როგორც იქვე მცხოვრებს, ანუ სიაში სხვაზე წინ იქნებით. კიდევ ერთხელ მიაკითხეთ ბაღს, დატოვეთ საბუთები და გაიგეთ მომლოდინეთა სიაში მერამდენე იქნებით. არა, ეს წესი არსად არ წერია, უბრალოდ პრივილეგიას გაძლევთ მეტი არაფერი“, – განმარტავენ სააგენტოს ცხელ ხაზზე.

საკითხთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების სააგენტოში განუმარტეს, რომ რეგისტრაციის მსგავსი მეთოდი გასული წლიდან ამოქმედდა.

„ხელმოწერები კი არ მოსთხოვეს, თუ უნდათ, რომ რაიონში ადგილობრივი მცხოვრების სტატუსი ჰქონდეთ, ამის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს რაღაც. თუ არა, უსტატუსოდ დაჯდება რეზერვში და იქნება უფრო უკან, ხოლო დადასტურების შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი მცხოვრები, სიის წინ გადაინაცვლებს. გასული წლიდან ასეა, მერის მოადგილე ილია ელოშვილის ინიციატივით გადაწყდა და განისაზღვრა ეს დამატებითი რეგისტრაციის წესები, – აცხადებენ სააგენტოში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური