GE

საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სამი პედაგოგი წარადგენს

აბაშაში, სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის პრობლემა ფიზიკის გაკვეთილების გამოყენებით გადაჭრეს. პედაგოგმა ვაჟა ტეტუნაშვილმა სკოლის ეზოში ჭაბურღილის მოწყობაში მოსწავლეები ჩართო, მათ მექანიკის კანონებიც ასწავლა და ეკოლოგიურად სუფთა წყალიც მიიღო.

„ჭაბურღილის მოწყობა მიწის სიღრმეში და ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიღება“ ეს პროექტი პედაგოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით გამართულ ფესტივალზე წარადგინა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. პედაგოგის საქმიანობით განსაკუთრებულად დაინტერესდა შეხვედრაზე მყოფი განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, მისი განმარტებით მეიდნის საჯარო სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი და საქართველოში სკოლების ნახევარი სწორედ ასეთი ტიპისაა. ამბობს, რომ სამინისტრო ყველა სკოლას ვერ მოაქცევს ერთ უნიფიცირებულ ჩარჩოში და მიდგომები ინდვიდუალური უნდა იყოს სწორედ მათი კონტინგენტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, მოსწავლეებმა ისწავლეს საგანი და ამასთან ერთად გაიგეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ფიზიკა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, აი ასეთი მიდგომებია ძალიან შედეგიანი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვაჟა ტეტუნაშვილის ჭაბურღილი ერთ-ერთი იყო იმ 24 პროექტიდან, რომელიც საქართველოში მოღვაწე პედაგოგებმა ფესტივალზე წარადგინეს. ისინი აჩვენებდნენ დაინტერესებულ საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო გახდეს. ელექტრო წრედის შეკვრა ფერადი ცომის გამოყენებით, საბავშვო ლაბორატორია თოჯინების თეატრით, ხილისა და ბოსტნეულის მჟავიანობის განსაზღვრა სახალისო ცდებით, მცენარეებისგან ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებების მიღება, თვითნაკეთი ბარომეტრი, ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გახლდათ ფესტივალზე წარმოდგენილი.

„22 მასწავლებელი მონაწილეობს და 24 პროექტია წარმოდგენილი როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებიდან, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. ოთხი საუკეთესო პროექტი უნდა შეირჩეს. ჟიურიში არიან მოქმედი მასწავლებლები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით და განათლების სპეციალისტები და მკვლევარები. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არის პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო საშუალება. ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო მასწავლებლებს კი აქვთ შანსი მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება და ეს მასწავლებლები იქ უკვე საქართველოს წარადგენენ. გამოცდილებას 35 ქვეყნის წარმომადგენელს გაუზიარებენ და ასევე მათგან მიიღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას, ძალიან ბევრი სიახლე ელოდება მათ“, – განაცხადა ილიაუნის პროფესორმა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის „SALiS“ ხელმძღვანელმა მარიკა კაპანაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ფესტივალზე წარმოდგენილ პროექტებს შორის საინტერესო იყო გორის 8-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური პროექტი. პედაგოგმა ნინო ფსუტურმა ქაღალდის ნივთების დამზადებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც ჩართო და მათგან დიდი ინტერესიც დაიმსახურა. რუსთავის 4-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა ყოჩაშვილმა კი მესამე კლასელების ბუნებისმეტყველებით დაინტერესება კომპიუტერული პროგრამა „მაინ კრაფტის“ გამოყენებით შეძლო. ბავშვებმა პედაგოგის დახმარებით ვირტუალურ სივრცეში თავად შექმნეს ადამიანის თვალის მოდელი და გაიგეს რატომ უნდა იყვნენ ფრთხილად და რატომაა საშიში თვალში რაიმე საგნის მოხვედრა.

„ჩვენი პროექტი სპეციალური საჭიროების ბავშვებზეა გათვლილი, სულ 9 გვყავს სკოლაში, მაგრამ პროექტში ჩართულია სამი ბავშვი. წელს ჩემი მიზანი იყო ამ ბავშვებთან გამეაქტიურებინა საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა. ჯერ ცოტა გაუკვირდათ, რეალურად ასეთ აქტივობებში ისინი ნაკლებად ერთვებიან, უნდა ნახოთ როგორი ბედნიერი სახეები აქვთ როცა შემოდიან გაკვეთილების შემდეგ. პროექტი ნარჩენების შემცირებას ეხება, ვამზადებთ ქაღალდის ნივთებს. გვინდა გამოფენა გავაკეთოთ და შემოსული თანხით რესურსები შევიძინოთ. გვინდა, რომ სკოლაში შევიძინოთ მეორადი ქაღალდის გადამამუშავებელი დანადგარი სადაც რეალურად ეს ბავშვები გარკვეულ პროფესიასაც დაეუფლებიან და პერსპექტივა ექნებათ რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ“,– გვითხრა გორის 8-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ფსუტურმა.

ფესტივალის ჟიური რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა პრეზენტაციებს და ღონისძიების დასასრულს გადაწყვეტილებაც მიიღო. პორტუგალიის ფესტივალის საგზური სამმა პედაგოგმა მოიპოვა. ესენი გახლავთ: ვაჟა ტეტუნაშვილი მაიდნის საჯარო სკოლა, ჭაბურღილის პროექტით, ნინო აბესაძე ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ საბავშვო ლაბორატორიის პროექტით და ქეთევან ტატიშვილი „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლა ცომი ელექტრონული წრედისთვის პროექტით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს შეფასება. წარმოდგენილი გვქონდა სათამაშო ლაბორატორია ბაღის ბავშვებისთვის, რომლის საშუალებითაც ბავშვები ეცნობიან თავიანთ საყვარელ ბუნების მოვლენებს, მაგალითად, როგორ მოდის წვიმა და როგორ ჩნდება ცისარტყელა. როგორ ჩერდება ჩიტი ხეზე, როგორ შეიძლება მძიმე ტვირთების აწევა და ა.შ. გვაქვს ასევე პლანეტების მოდელი, რომლის საშუალებითაც ბავშვებმა იციან რომელია დედამიწა და როგორ განსხვავდება ის ზომით სხვა პლანეტებისგან. რაც მთავარია, თავადაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ამ ყველაფრის შექმნაში, ჩვენს შემთხვევაშიც მიიღეს მონაწილეობა ღებავდნენ, აწებებდნენ… პროექტი საბავშვო ბაღზე გვაქვს გათვლილი, მაგრამ სკოლებშიც ხორციელდება, ბუნებისმეტყველებისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა და ძალიან საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება, ძალიან გახარებული ვარ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნინო აბესაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც სამი ქართველი პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას, 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური