GE

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთათვის კსუ ეროვნული კონფერენციას გაამართავს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთათვის ეროვნულ კონფერენციას ჩაატარებს.

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართება თემაზე „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა “

სამუშაო ენა: ქართული

მიზნები: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად; სკოლის მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითრება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყალიბების მიზნით;
  • ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქმიანობის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, გამოცდილების გაზიარება;
  • თემა და სკოლა – პრაქტიკის გაზიარება;
  • საჯარო სკოლის მართვაში ტექნოლოგიების გამოყენება;
  • ადმინისტრაციის როლი სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაში;
  • დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში;
  • დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი სწავლებისა და სწავლის მაღალი პროფესიული სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების პროცესში;
  • სკოლის მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა;
  • უსაფრთხო სკოლა – არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები;
  • ბულინგი სკოლაში – ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მიერ დროული პრევენციის მაგალითების გაზიარება.

მოთხოვნები:

  • კონფერენციის მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია – 10 წუთი, დებატები – 5 წუთი;
  • მუშაობა გაიმართება ერთიან შეხვედრებსა და პარალელურ სექციებში;
  • იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წარმოადგენს ერთზე მეტ ნაშრომს, უპირატესობა მიენიჭება კონფერენციის კონცეფციასთან მიახლოებულ მაღალი სტანდარტის ნამუშევარს;
  • თანაავტორობის (არაუმეტეს 2 პირი) შემთხვევაში ნაშრომს წარმოადგენს მხოლოდ ერთი მონაწილე; დაბეჭდილ თეზისებში სრულყოფილად იქნება მითითებული თანაავტორები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს,
    სკოლის დირექტორებს;
  • ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების კურსდამამთავრებლებს;
  • განათლების მართვის ექსპერტებს, რომლებიც იკვლევენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას კონფერენციის მიზნებიდან და ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე.

შენიშვნები:

  • კონფერენციის თემატიკა შეუზღუდავია კონფერენციის მიზნებიდან და ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე;
  • კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული
  • დოკუმენტაციის (თეზისი, პირადი მონაცემები – შევსებული ანკეტა) მქონე აპლიკანტი;
    სრული ნაშრომის წინასწარ გადმოგზავნა სავალდებულო არ არის.

თეზისი და სრული ნაშრომი უნდა შესრულდეს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

  • თეზისში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელწოდება, საკითხის ფორმულირება, აქტუალურობა, კვლევის სიახლე, მიზნები, ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულება და პრაქტიკული გამოყენება.
  • თეზისი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 500 სიტყვისგან.
  • საკითხის აქტუალურობა (რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული საკითხი განათლების სისტემისთვის. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კვლევები, ანგარიშები, რეკომენდაციები და ა.შ.);
  • თემის ინოვაციურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
  • ნაშრომის სიახლე და პოტენციური წვლილი არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში;
  • ნაშრომის ტექნიკური გამართულობა (აბსტრაქტი დაწერილი უნდა იყოს აკადემიური ენით, სათაური უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს, აბსტრაქტის შემადგენელი ნაწილები ლოგიკურად უნდა ებმოდეს ერთმანეთს).
  • თეზისისა და სრული ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ზომები – ნაშრომის სახელწოდება – 14 Bold, ძირითადი ტექსტი – 12, ინტერვალი – 1.5;
  • კონფერენციის სრულ ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს თეზისში მოცემული საკითხების ვრცელი ვერსია და გამოყენებული ლიტერატურა.

კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური