GE

ილიაუნიში საჯარო ლექციათა ციკლი „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე“ გაიმართება

უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა ციკლს „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე”.

კურსს გაუძღვება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო.

ლექციათა სერია დაიწყება 25 მაისს. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს უკრაინის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, აჩვენოს, როგორ ვითარდებოდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები პრეზიდენტების – კრავჩუკის, კუჩმას, იუშჩენკოს, იანუკოვიჩის, პოროშენკოსა და ზელენსკის – მმართველობის პერიოდში.

მსმენელები გაეცნობიან უკრაინის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესს, მის გამოწვევებს, ძირითადი საგარეო პოლიტიკის განხორციელების სქემებს, მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ ყალიბდება და ვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები აშშ-თან, რუსეთსა და პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებსა და რუსული დიპლომატიის გავლენას უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციათა ციკლის შედეგად მონაწილეები უკეთ შეძლებენ იმ საერთაშორისო კონტექსტის გააზრებას, რომელშიც დღეს უკრაინა აღიქვამს საკუთარ თავს, რა მოვლენები მოხდა და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორ და რატომ ტრანსფორმირდა უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

ლექციების განრიგი:

  • უკრაინის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები
  • აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები
  • უკრაინასა და ევროკავშირის ურთიერთობები და ევროინტეგრაცია
  • რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები
  • უკრაინის აქტივობები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში
  • უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან

ლექციათა ციკლი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. მსმენელს საშუალება ექნება ლექციებს დაესწროს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად Zoom პლატფორმის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

ლექციებზე წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 22 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური