GE

საჯარო სკოლების გადახურვა ისეთი ტექნოლოგიით იგეგმება, რომელიც წყალსა და ცეცხლს გაუძლებს

საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ცეცხლგამძლე გადახურვის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.

აღნიშნულის შესასრულებლად ბაზრის კვლევას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აცხადებს.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაგეგმილი აქვს საქართველოს მასშტაბით, როგორც არსებული საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის, ასევე ახალი და მშენებარე საჯარო სკოლების სახურავებზე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მემბრანული ტიპის ჰიდროიზოლაციის მოწყობა, რომლის ექსპლუატაციის ვადა 10 წელი ან მეტია”, – ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტზე გამოქვეყნებული 29 აპრილის ინფორმაციაში, სადაც ნათვამია, რომ ფასთა კვლევა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 5 მაისის 18:00 საათისა უნდა დამთავრდეს.

გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ იმასაც, რომ ჯამურად მოსაწყობი ფართი 20000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა სკოლების რაოდენობა და თანხები დაკონკრეტებული არ არის.

EDU.ARIS.GE-ს მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, მემბრანული ტექნოლოგიური გადახურვა უახლესი და ყველაზე თანამედროვე საფარია, რომლის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა და იგი გამოიყენება გადახურულ სახურავზე, მანსარდზე, გატეხილ, ბრტყელ და სხვა სახის სახურავებზე. გარდა ამისა, ეს არის თითქმის სრულყოფილი ჰიდროიზოლაცია, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ზომებს შენობის წყლისგან დასაცავად. გარსის ყველა სახურავს აქვს ხანძარსაწინააღმდეგო კლასი, რაც ნიშნავს, რომ ეს გადახურვა არ ავრცელებს ცეცხლს და კვამლს. საიზოლაციო საფარის ექსპლუატაციის ვადა მისი ხარისხის მიხედვით 10-დან 30 წლამდეა. მასალები განსხვავდება სისქით, ფენების რაოდენობით და დამუშავებით.

ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მომწოდებელმა კომპანიამ სამუშაოების შესრულების ვადა თავად უნდა წარმოადგინოს.

ასევე იხილეთ:

მთავრობა 80 ახალი სკოლისა და 90 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს

531 სკოლიდან 114-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა – აუდიტის ანგარიშში ასახული ხარვეზები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური