GE

საჯარო სკოლებს მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით დარღვევები აქვთ – დაცვის ინსპექტორის გამოვლენილი ფაქტები და რეკომენდაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ხელმძღვანელმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ შესწავლილ იქნა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

არასრულწლოვანთა მონაცემებთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტების შესწავლა როგორც მოქალაქეთა მიმართვის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს მიმართვის საფუძველზე ხდებოდა.

„ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ჩაითვალა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის”, – ვკითხულობთ 2018 წლის ანგარიშში.

ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. ბავშვი ცხოვრობდა თავშესაფარში და მას მზრუნველობას უწევდა სახელმწიფო. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშველოვნად მიიჩნიეს მისი საცხოვრებელი ადგილის და სკოლის შეცვლა. მიუხედავად ამისა,  მშობელმა შეიტყო მისამართი და გამოცხადდა სკოლაში.

შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალური დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია.

მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდარღვევად. ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციაა, რომ არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად; 

„საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;

არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე”, – აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური