GE

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიმართება

თბილისში 22 და 23 სექტემბერს საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ორდღიანი კონფერენცია გაიმართება. “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ ამ სახელწოდების ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, დირექტორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა.

წლევანდელ კონფერენციაში 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას. სასწავლო პროცესსა და განათლების სფეროში არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე მათთან ერთად კონფერენციაზე ორი დღის განმავლობაში საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმსჯელებენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ფონდი ხელს უწყობს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებსა და ისეთი პროგრამების დავნერგვას, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. „მსგავსი კონფერენციები საშუალებას გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა” – აცხადებს მაგდა მაღრაძე.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე: ინკლუზიური განათლება და თანასწორობა, არაფორმალური განათლება, ძალადობა სკოლაში – მისი პრევენცია და რეაგირების გზები, სკოლების თვითშეფასების მექანიზმები და სხვა. აღნიშნული ღონისძიება განთლების სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის“ მონაწილეები მსგავსი პლატფორმების არსებობის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ. „სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის ასეთი სახის კონფერენციები უმნიშვნელობანესია. ამით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ყველაზე წარმატებული, ეფექტური და ისეთი საჭირო გამოცდილება, რაც სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს და ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებით კიდევ უფრო მეტი“ – ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ვარდენ ნიქაბაძე.

„გასულ წელს კონფერენციაზე იმდენი საინტერესო და ახალი რამ შევიტყვე ჩემი კოლეგებისგან, რომ გადავწვიტე წელსაც მიმეღო მონაწილეობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველასთვის აუცილებელია ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა. ჩვენ ამით პროფესიულ უნარებს კიდევ უფრო ვავითარებთ და ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, რაც განათლების სფეროს განსავითარებლად აუცილებელი წინაპირობაა“ – აცხადებს თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გასულ წელსაც ჩატარდა. ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. ლიდერობის აკადემია, რომელიც დირექტორებს პროფესიული განვითარების გრძელვადიან და ეფექტურ კურსს სთავაზობს, 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო და პირველ ეტაპზე მასში 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიდერობის აკადემიის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადებაა დაგეგმილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური