GE

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამით 61 000-მდე მოსწავლე სარგებლობს“

საქართველოს მასშტაბით, „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამით 56 მუნიციპალიტეტის 61 ათასამდე მოსწავლე სარგებლობს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორი დეკემბრის ინფორმაციით, პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პროგრამის ფარგლებში, ტრანსპორტი ემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო გადაადგილების პრობლემა, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაყვანილები არიან ახლომდებარე სკოლებში. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები და მათ ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება. საჭიროებიდან გამომდინარე კი, ტრანსპორტირებაში ჩართულები არიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლები”, – აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

უწყების ინფორმაციითვე, პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრში ასევე უზრუნველყოფილია თბილისში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 6 საჯარო სკოლის 251 და პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით 25 საჯარო სკოლის 7165 მოსწავლის ტრანსპორტირება.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური