GE

საჯარო სკოლის სამედიცინო კაბინეტში დასაქმებულის ანაზღაურება 470 ლარი იქნება

მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარი გამოიყოფა.

შესაბამის დადგენილებას, რომელიც 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს მოაწერა ხელი.

„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარის ოდენობითა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა გაზაფხულზე დაამტკიცა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეისათვის, საჯარო სკოლის 2500 შენობიდან სამედიცინო კაბინეტი 532-ში ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. ასევე, დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს.

ამავე თემაზე:

რა თანხა გამოეყოფათ სკოლებს დამატებით მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში – დადგენილება

ინჰალატორი, საკაცე, გლუკომეტრი – კიდევ რა სამედიცინო მოწყობილობებს შეიტანენ საჯარო სკოლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური