GE

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში – „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, რათა განხილულ იქნას გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენციაა, რომელშიც მრავალი ქვეყანა, მსოფლიო ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციაა ჩართული. იგი ეძღვნება  ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ განვითარებაში და იმას, როგორ მივაღწიოთ ყველამ ერთად მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ის რეკომენდაციები,  რომელსაც შეიმუშავებს კონფერენცია, გამოადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დაგვანახებს პერსპექტივებს იმისა, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ უფრო აქტიურად ქალები ეკონომიკის განვითარებასა და პოლიტიკაში.“

„სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 28 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტს შეიძენს ქალთა სრულყოფილი მონაწილეობით ეკონომიკურ აქტივობაში. დღევანდელ კონფერენციაზე თავი მოიყარეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც საუბრობენ იმაზე თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა და გაძლიერდეს ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში“,- აღნიშნა ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო  „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა“. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასოს გენერალური დირექტორი და სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ჩემი აზრით,  კონფერენცია არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი. იგი ეხება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და იმ გზებს, რაც დაგვეხმარება ამის მიღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოეფინოს ამ საკითხებს და დავეხმაროთ პოლიტიკოსებს დაინახონ თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იყოს მიღწევადი“,- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევებისა და მონაცემების მიმართულების დირექტორმა შაჰრა რაზავიმ.

კონფერენცია ორგანიზებულია გენდერის ეკონომიკის კვლევების ფორუმის (FROGEE) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერითა და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის (SITE) კოორდინირებით ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური