GE

საგანმანათლებლო პროცესის რეგულირების კუთხით, იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო პროცესის რეგულირების ჩანაწერი:

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება:

1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).

4. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

6. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართი №1-ის პირველი პუნქტის „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური