GE

საგანმანათლებლო  რესურსცენტრებში სკოლამდელი განათლების სპეციალისტებს ნიშნავენ – რა ფუნქციები აქვთ ახალ თანამშრომლებს

2019-2020  სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების ცხოვრებაში ახალი პირი – საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი გამოჩნდება. აღნიშნული პირები მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და და ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის კოორდინაციას უზრუნველყოფენ. კადრების შერჩევის პროცესი საბოლოოდ ჯერ დასრულებული არ არის.

რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო სკოლამდელი განათლების კუთხით  გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ცნობილია, რომ 2020 წლის მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს, ასევე უნდა მოხდეს ბაგა-ბაღების ავტორიზაცია.

სწორედ აღნიშნულ საკითხებში იქნებიან ჩართულები რესურსცენტრების სპეციალისტები, თუმცა მანამდე სანამ ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების ზუსტი ვადები და პროცედურები გახდება ცნობილი, ახალი თანამშრომლები სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განუმარტეს, ახალი თანამშრომელი იქნება ფაქტობრივად შუამავალი რგოლი სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, რომ თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს.

„ამ ადამიანების ფუნქციაა, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. არსებობს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, ამ სტანდარტების დანერგვას უნდა შეუწყოს ხელი ამ სპეციალისტმა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი თანამშრომელი მუნიციპალიტეტის დონეზე იმუშავებს ბაღებთან, აღმზრდელ-პედაგოგებთან, მშობლებთან, მეთოდისტებთან და ყველა იმ პირთან ვინც დაინტერესებულია და შეხება აქვს სკოლამდელ განათლებასთან. როგორც გამოიკვეთება საჭიროება, ექნება შეხვედრები, კონსულტირებას გაუწევს სკოლამდელი განათლებით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მშობლებს, აღმზრდელებს, მეთოდისტებს ხარისხიან სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილობას მიიღებს მუნიციპალიტეტთან ერთად სკოლამდელი განათლების საჭიროებების განსაზღვრაში, აქტივობების დაგეგმვაში, ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესში. ეს ადამიანი მუნიციპალიტეტებში არსებულ ბაგა-ბაღების გაერთიანებებს მიაწოდებს ინფორმაციას, როგორ უნდა მოახდინონ აღმზრდელ- პედაგოგთა გადამზადება. ასევე შემდგომ, როდესაც დაიწყება ბაღების ავტორიზაციის პროცესი, ჩართული იქნება ამ პროცედურებში რომ საბავშვო ბაღები აკმაყოფილებდნენ ხარისხიან სკოლამდელ განათლების სტანდარტებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური