GE

„საგნის კომპეტენციის დადასტურება ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობდეს“ – უცხო ენის პედაგოგები კანონში დაგეგმილ ცვლილებას კრიტიკულად აფასებენ

„პრივილეგირებული პედაგოგების გაჩენა სკოლებში არამხოლოდ უსამართლობა, არამედ შეცდომა მგონია“ – სერტიფიცირებული პედაგოგი.

15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძის წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას. საუბარია კანონზე ზოგადი განათლების შესახებ, რომელის ცვლილების შემდეგად, საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით დადასტურებული არ აქვთ.

როგორც ვიცით, პედაგოგთა საგნის გამოცდით სერტიფიცირება დღეს მხოლოდ ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენის სპეციალისტებს აქვთ. სკოლებში კი უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მსურველმა მოსწავლეებმა სხვა უცხო ენები აირჩიონ, მაგალითად იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური და სხვ. კანონში ცვლილების ინიციატორი განათლების სამინისტროს არგუმენტიც კომიტეტის სხდომაზე სწორედ ეს გახლდათ:

„არსებობს შესაძლებლობა, მსურველებმა აირჩიონ სხვა უცხო ენა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან ეს გამოცდები ორგანიზებული არ არის და ეს ძირითადად განპირობებულია ამ საგნებზე დაბალი მოთხოვნით… შესაბამისად, ცვლილება უკავშირდება სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას. ვგულისხმობ იმას, რომ ამ საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ, დასაქმდნენ სკოლაში, ვინაიდან, მასწავლებლის პროფესიული განათლების სქემა გვეუბნება, რომ ეს სქემა არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებლებზე. შესაბამისად, ეს უფლებას აძლევს სკოლას, მიიღოს მოწვეული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ამ განსხვავებულ საგნებს, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ შევთავაზოთ ალტერნატიული გზა. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდეს ამ საგნის გამოცდის ვალდებულებისაგან და იგი ამ სახით შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში“.

ლალი კოპაძე სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგია 15-წლიანი გამოცდილებით. მან რუსულ ენაში საგნის კომპეტენცია პირველსავე წლებში დაადასტურა, როცა სახელმწიფომ მასწავლებლებს ამის ვალდებულება განუსაზღვრა. ლალი ამბობს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი კვალიფიციური პედაგოგის დასაქმება უნდა იყოს და ყველა მასწავლებლისთვის საერთო წესები მოქმედებდეს. დაგეგმილ ცვლილებაში კი ამის შესაძლებლობა ვერ დაინახა.

„სკოლები უცხო ენების პედაგოგთა სიმცირეს ნამდვილად არ განიცდიან, რადგან ენის ცოდნა დღეს უკვე აღარ ითვლება ფუფუნებად. რასაკვირველია, ენა იცის ბევრმა და ეს უნდა იძლეოდეს იმის საფუძველს, რომ ყველა სკოლის პედაგოგი გახდეს?! როცა მსურველი აბარებს საგნის გამოცდას, ადასტურებს კომპეტენციას, რომ ნამდვილად იცის საგანი, ესმის მეთოდები და მიდგომები. ყველა, ვინც ფლობს ან არ ფლობს თუნდაც საერთაშორისო სერტიფიკატს, სკოლის მასწავლებლობაზე პრეტენზია არ უნდ ჰქონდეს. ეს სხვა სპეციფიკაა და ნამდვილად არ გავს ერთ ან 5 კაციან ჯგუფთან მუშაობას. ამდენად, მიმაჩნია, რომ საგნის კომპეტენციის დადასტურება ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულო უნდა იყოს და განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობდეს“, – გვითხრა ლალი კოპაძემ.

მასწავლებლის თქმით, არგუმენტი, რომ მაგალითად იტალიური ენის პედაგოგობის მსურველი არის წარმატებული თარჯიმანი, ჰყავს მოსწავლეები, ან ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატს, რასაკვირველია, არადამაჯერებელია, რადგან პედაგოგს მარტო საგნის ცოდნა არ მოეთხოვება.

„აქ არის სხვა უნარები, რომელსაც სპეციალისტი უნდა ფლობდეს. ბავშვებთან ურთიერთობა და მათი პრობლემების გათავისება მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გამოცდილებით ყალიბდება და ასე, სურვილის გამო მიიღო კადრი, დაუჯერებლად მეჩვენება. მასწავლებელზე როცა ვსაუბრობთ, სხვა ტიპის კადრი წარმოგვიდგება. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ სკოლა იყოს სამუშაო ადგილი კვალიფიციური პედაგოგებისთვის და არა პირიქით“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან უცხო ენის მასწავლებელმა.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, ანანო, თბილისს ერთ-ერთი საჯარო სკოლის ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგია, რომელმაც საჯარო სკოლაში მოხვედრამდე უმრავი სირთულე გაირა. ამბობს, რომ კომპეტენციის დადასტურების შემდეგაც გაუჭირდა დასაქმება და ახლა მარტივი შეკითხვა აქვს – რატომ უნდა გაუიოლდეთ სხვა პედაგოგებს დასაქმება?

„3 წლის წინ დავადასტურე კომპეტენცია ინგლისურ ენაში. მქონდა რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება და ასევე ვამზადებდი საჯარო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც საგნის გამოცდას ვერ აბარებდნენ. როცა გამიჩნდა სურვილი, ჩამებარებინა საგნის გამოცდა და გამევლო ე.წ 60-კრედიტიანი პროგრამა, ვიცოდი, რომ იქნებოდა გამოწვევევი, მაგრამ ვერ ვიფიქრე, თუ ასეთი რთული გზის გავლა მომიწევდა. ახლა, ამ გადმოსახედიდან, როცა უნდა შევაფასო რამდენად სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ სხვა უცხო ენების პედაგოგებს, რომელთა ენებიც ახლახანს დაამატეს სასწავლო ბადეში ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასწავლონ კომპეტენციის დადასტურების გარეშე, რა თქმა უნდა, მაქვს პროტესტი. მე რატომ გავიარე ასეთი რთული გზა და სხვამ რატომ უნდა გაიროს მარტივი. კომპეტენცია ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დადასტურებული“, – ამბობს მასწავლებელი.

ანანოს მიაჩნია, რომ სამინისტრო უსამართლობის განცდას არ უნდა აღვივებდეს და თანასწორად უნდა უყურებდეს ყველა პედაგოგს.

„როცა ათასობით მასწავლებელს ავალდებულებ, დაადასტუროს კომპეტენცია და ამ დროს გამოყოფ კონკრეტული საგნის მასწავლებელთა კატეგორიას, რომლებსაც არ ეუბნები იგივეს, ეს უკვე უსამართლო მიდგომაა და არ ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა, რომლებიც მართლაც ბევრს შრომობენ განვითარებისთვის ეს გადაწყვეტილება მოიწონონ. მგონია, რომ ყველა იგივე კომენტარს გააკეთებს, პრივილეგირებული პედაგოგების გაჩენა სკოლებში არამხოლოდ უსამართლობა, არამედ შეცდომა მგონია, რომელიც სკოლის რეპუტაციასაც დააზიანებს. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ კადრს მიიღებს სკოლა, მიუხედავად იმისა, რა სერტიფიკატის მქონეც არ უნდა იყოს კანდიდატი“, – აღნიშნავს ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი.

როგორც ვხედავთ, უცხო ენის პედაგოგები რომლებსაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვთ, გამოცდაჩაუბარებელი კადრების სკოლაში შესვლის საკითხზე კრიტიკას არ მალავენ, თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში, კანონის ამ ცვლილებით კმაყოფილი იქნებიან ის მსურველები, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება გამოცდის ჩაბარების გარეშე შეეძლებათ.

ასევე იხილეთ:

სკოლებში უცხო ენას საგნის გამოცდით არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან – რა ცვლილება შედის კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური