GE

საგრანტო კონკურსზე გასული სტუდენტები: ყველა გულგრილია, უნივერსიტეტი და სახელმწიფოც არ ითვალისწინებს რომ პანდემიაა და ფინანსური პრობლემები გვაქვს

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს სასწავლო გრანტის გაუმჯობესების და მოპოვების მსურველებიც შეუერთდნენ. საგრანტო კონკურსის მონაწილეებმა გამოცდა ზოგადი უნარების საგანში ჩააბარეს.

გამოცდიდან გამოსული სტუდენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობენ, რომ სწავლის საფასურის გადახდა ყველაზე მეტად ამ წელს გაუჭირდათ, რადგან მათაც და მათ ოჯახებსაც გადაუჭრელი ფინანსური პრობლემები შეექმნათ, თანადომა კი, არც უნივერსიტეტისგან და არც სახელმწიფოსგან უგრძვნიათ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, სოციოლოგიას. მესამე კურსზე ვარ. მქონდა სახელმწიფო სტიპენდია, რადგან კარგად ვსწავლობდი, მუშაობისთვის დრო არ მრჩებოდა. პანდემიის დროს სტიპენდიაც ვეღარ ავიღე იმიტომ რომ რეგიონიდან ვერთვებოდი და ინტერნეტის პრობლემები მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მშობლების იმედზე ვარ, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან. ბოლო ორი წელი კომპიუტერთან გავატარე. ძალიან რთულია აუხსნა მშობლებს, რომ სახლში კი ხარ, მაგრამ წლის ბოლოს მაინც უნდა გადაუხადო უნივერსიტეტს სწავლის საფასური. იმედი მაქვს, რომ ავიღებ გრანტს და მშობლების შეწუხება აღარ მომიწევს“, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა სტუდენტმა.

მეორე სტუდენტი კი იმასაც ამბობს, რომ თუკი დღეს არსებული პრობლემები ვერ დაძლია, სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოუწევს.

„თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჟურნალისტიკას. მეორე კურსზე ვარ და პრაქტიკულად უნივერსიტეტშიც არ მივლია. ყველა სემესტრის ბოლოს ზუსტ დროს უნდა გადავიხადოთ საფასური, პანდემიის დროსაც არავის გაუწევია ჩვენთვის ანგარიში. კურიერად ვმუშაობდი და ეს სამსახურიც დავკარგე, ასევე დაკარგა სამსახური მამაჩემმა, რომელიც რესტორანში მუშაობდა მზარეულად. ამ სემესტრის თანხა რომ დაგვეფარა ფულის სესხება მოგვიწია. ნამდვილად არ ვიცი სექტემბერში როგორ შევძლებთ გადახდას, არც გრანტის აღებაა მარტივი და თუ ვერ შევძელი, მომიწევს სტატუსის შეჩერება, რაც ნამდვილად არ მინდა.“

სტუდენტი, რომელსაც გრანტი აქვს და მისი გაუმჯობესების მიზნით გავიდა გამოცდაზე ამბობს, რომ გრანტის გაუმჯობესება შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო სურს.

„ჯავახიშვილში ვსწავლობ პოლიტიკას. მეოთხე კურსზე ვარ. გრანტი მაქვს, მაგრამ გაუმჯობესება მინდა, რადგან ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. პერიოდულად მეც ვმუშაობ ხოლმე, საარჩევნო პროცესები როცა იწყება, მაგრამ ეს ანაზღაურება მუდმივი არაა. მაქვს უნივერსიტეტის სტიპენდიაც. როცა სწავლის საფასურის გადახდის რიცხვი ახლოვდება, არავინ ითვალისწინებს რომ კარგი სტუდენტი ვარ და სრულიად შესაძლებელია, რომ თანხის არქონის გამო სტატუსი შემიჩერდეს. ყველა გულგრილია ჩვენი პრობლემების მიმართ, არავინ ითვალისწინებს, რომ პანდემიაა და ფინანსური პრობლემები გვაქვს. ვიცი რომ ყველას ვინც დღეს აქაა, გამოცდაზე, არ აქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ ვისაც გვაქვს და კარგადაც ვსწავლობთ მათ რა ვქნათ, სტატუსი შევიჩეროთ? ასეთი არჩევანის წინაშე სახელმწიფო არ უნდა გვაყენებდეს“, – ამბობს წარჩინებული სტუდენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე 3500-ზე მეტი პირია რეგისტრირებული.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური